LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატმა მედიის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა

735
01

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ხელშეწყობით, ქ. ბორჯომში, მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

ღონისძიებას, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების 25-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობდა.

გოგიტა თოდრაძემ თავდაპირველად ყურადღება უწყების წარმატებულად საქმიანობაში მედიის წვლილზე გაამახვილა:

„მედია ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მონაცემების წარმოება არა მხოლოდ მონაცემების შეგროვებას, არამედ მათ გავრცელებასაც მოიცავს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მონაცემთა სწორი ინტერპრეტაციისთვის მედიის ინფორმირებულობას ჩვენი საქმიანობის, ჩვენი გეგმების და ამა თუ იმ მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს.“

სამუშაო შეხვედრისას მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს და 2024-2027 წლების განვითარების სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებს. ასევე, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიების თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელეს სხვადასხვა სტატისტიკურ ინდიკატორებზე და მონაცემთა საჭიროებებზე საქმიანობის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„როდესაც ოფიციალურ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. ისინი არა მხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის საქმიანობის საფუძველია. ეს არის პრინციპები, რომლებიც სტატისტიკის მწარმოებელი უწყებების ქცევის ზოგად წესებს აყალიბებს, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის მაღალი ხარისხის სტატისტიკის მნიშვნელობას აღიარებს და ჩვენ, სტატისტიკოსებს მოგვიწოდებს ვაწარმოოთ სანდო, ობიექტური და რაც მთავარია, პოლიტიკური და დაინტერესებული მხარეების გავლენისგან დამოუკიდებელი სტატისტიკა.

ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებებია: არსებულ მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, რაც ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია, სტატისტიკის არეალის გაფართოება (ახალი ინდიკატორების წარმოება, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შემცირება და არსებული ინდიკატორების დეტალიზება სხვადასხვა ნიშნის, მაგალითად, ასაკის, სქესის და სხვათა მიხედვით) და სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესება (ინტენსიური თანამშრომლობა მედიასთან, აქტიური დიალოგი მომხმარებელთან, მათი საჭიროებების შესწავლა, ანალიზური საქმიანობის გაუმჯობესება, მონაცემთა გავრცელების თანამედროვე და ეფექტური სისტემების შექმნა). იმისთვის, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო მოთხოვნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ. მაგრამ იმას, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო კურსს, პერიოდულად ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები ამოწმებენ, როგორებიცაა ევროსტატი, გაერო, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია და ა.შ.“ – განაცხადა თოდრაძემ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, უწყების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მოსახლეობასა და დემოგრაფიასთან, მიგრაციასთან, საგარეო ვაჭრობასთან, ფასებთან, დასაქმებასა და ხელფასებთან დაკავშირებული სტატისტიკა.

საქსტატის სერვისების გაცნობისას მედიის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საქსტატის შშმ პირებზე სრულად ადაპტირებულმა ვებგვერდმა (შესაძლებელია არა მხოლოდ შრიფტის გაზრდა-შემცირება და კონტრასტის შეცვლა, არამედ ტექსტის გახმოვანება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე) და ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილმა პორტალმა. გოგიტა თოდრაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში მომხმარებელთა ამ ახალი ჯგუფის მოზიდვის მიზანზე ისაუბრა:

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელთა წრის გაფართოებას, შესაბამისად, იდეას, რომ ჩვენს მომხმარებლებს შორის ბიზნეს სექტორის, მედიის, აკადემიური წრეების და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებიც და მოზარდებიც ყოფილიყვნენ, მხარი აქტიურად დავუჭირეთ. პანდემიის დროს UNICEF-თან თანამშრომლობით ინტერაქტიური პლატფორმა შევქმენით, რომელიც ორ მიმართულებას აერთიანებს – სტატისტიკა 8-12 წლის ბავშვებისთვის და სტატისტიკა 13-19 წლის მოზარდებისთვის. ეს პორტალი ბავშვებსა და მოზარდებს საშუალებას აძლევს მათზე ადაპტირებული ფორმით ცოდნა მიიღონ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ბავშვთა უფლებების შესახებ, ასევე, გაიუმჯობესონ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების უნარები. მსგავსი ტიპის პლატფორმა ბევრ ქვეყანაში არ არის, ის მხოლოდ ბელგიის სტატისტიკის სამსახურს აქვს, რომელსაც ჩვენი პორტალი ფუნქციონალით ბევრად აღემატება“.

საქსტატთან სამუშაო შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს, ასევე, დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია 2024 წელს დაგეგმილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები