2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 72 265.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 20.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს – საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 9.1 პროცენტით განისაზღვრა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.9 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან
დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), მშენებლობა (8.0 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.0 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.7 პროცენტი) და განათლება (4.5 პროცენტი).
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; ტრანსპორტი და დასაწყობება; მშენებლობა; დამამუშავებელი მრეწველობა; ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები.