საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა.
გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 9 ათასით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ ცნობით, გარდაცვალების მიზეზებს შორის სჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი).
„ასაკთან მიმართებაში იცვლება გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით.
5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.
5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა – 2021 წელს 41 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როცა 2020 წელს ასეთი 19 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, 2021 წელს 4-ჯერ არის გაზრდილი კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით გარდაცვლილთა რიცხვი 154-ია. 2020 წელს ამავე მიზეზით 76 ადამიანი გარდაიცვალა.