არის ორი ადამიანი, ორი პოლიტიკოსი და მათ ერთმანეთში გაარკვიონ ეს ურთიერთობა – ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი, – ასე ეხმიანება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი გახარიას შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას.
რაც შეეხება, გახარიას პარტიის დაფინანსებას, კობახიძის თქმით, გარკვეულ ეჭვებზე საუბარი შეიძლება იმ პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც იმედს გამოთქვამენ, რომ გახარიას პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერას შეამცირებს.
“მე არ მაქვს ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომც მქონდეს, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომელი ტელევიზიები აპიარებს გახარიას, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი პოლიტიკური აქტიურობა, რაღაც ეჭვებზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მე ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ. წამოცდენები ჰქონდათ პოლიტიკოსებს – უგულავას, ცისკარიშვილს და ა.შ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ამყარებენ იმედებს გახარიაზე, რომ მათ დაეხმარება რაღაცნაირად იმაში, რომ ჩვენ დაგვაახლოვონ 43 პროცენტიან ბარიერს. ეს არის გამორიცხული, ვერც გახარია, ვერც “ნაცმოძრაობა” და ვერც უგულავა ჩვენ ამ ბარიერს ვერ დაგვაახლოვებს, ეს არის გამორიცხული, გამომდინარე საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან, ამას იხილავს ყველა ოქტომბერში”, – განაცხადა კობახიძემ.