LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთან ურთიერთობას აღვადგენთ — ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი აშშ-ში

1549648709-NE5A3795

არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან, – განაცხადა აშშ-ში ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა კარლოს ალფრედო ვეკიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ, რა დროსაც ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვინდა, გავხსნათ ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მათთან ერთად ვართ და მათ საქმეს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს და ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა კარლოს ალფრედო ვეკიომ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალფრედო ვეკიომ დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელის დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. გვინდოდა, საქართველოს დელეგაციისთვის მადლობა გადაგვეხადა ჩვენი საქმის, კერძოდ კი, ვენესუელის დროებითი მთავრობის პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ალფრედო ვეკიომ.

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებაში. მისი განცხადებით, საქართველო არასდროს აღიარებდა მადუროს რეჟიმს; აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, არ ცნო 2018 წელს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ცალსახად არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მისი თქმით საქართველო აღიარებს ეროვნულ ასამბლეას, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ხუან გუაიდოს როგორც დროებით პრეზიდენტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები