ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შეფასებას ეხებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პასუხობს და აცხადებს, რომ „საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა აქვთ და როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ეთანხმებიან ერთმანეთს“. დეგნანის განმარტებით „უნდა შეგვეძლოს, ვისაუბროთ ჩვენს უთანხმოებებზე“.
მისივე თქმით, ისინი უთანხმოებებზე საუბრობენ, როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო განცხადებებში და „ბევრი რამ იქმნება იმისგან, რაც აბსოლუტურად არ არის სკანდალი“.
„ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე“ – ლაშა ჩხიკვაძე კელი დეგნანს მიმართავს
„საქართველოსთან ჩვენ ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ძველი, კარგი მეგობრები, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საუბარი ჩვენს უთანხმოებაზე და ამას, როგორც წესი, პირისპირ ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტურია. ზოგჯერ საჯაროდაც ვსაუბრობთ, თუ ეს საკითხი ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს და სწორედ ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაში. ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება, რომელიც გამოხატავს აშშ-ის შეშფოთებას, დროულობასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. მხოლოდ აშშ-ს არ გამოუთქვამს ეს შეშფოთება, ასევე სახალხო დამცველს, რიგ არასამთავრობოებსა და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებსა იგივე შეშფოთება ჰქონდათ. ეს არ არის ის, რაც ფარულად განხორციელდა, ეს საკმაოდ საჯაროდ მოხდა და საკმაოდ ნორმალური რამ არის. ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ვფიქრობ, ეს ააგორეს, ძალიან ბევრი რამ შექმნეს იმისგან, რაც საერთოდ არ არის სკანდალი. ეს ძალიან რუტინული საქმეა.
აშშ-მა ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას, ცდილობდა, გაეუმჯობესებინა პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეს მოიცავდა მრავალ მიმოცვლას აშშ-ს ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. ეს არის რუტინული საჭიროებები, რომელიც ყოველთვის ხდება. და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ეს, ცხადია, მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა.
ჩვენი გაცვლითი პროგრამებით ექვს ათასზე მეტი ქართველი გვყავს გაგზავნილი სხვადასხვა მიზეზით, იქნება ეს განათლება, კულტურა, სასამართლო. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც არის კვალიფიციური, პერსპექტიული და აქვე, მზაობა ამ გაცვლის მიზნისგან სარგებლის მისაღებად, რაცაა ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა, შეხედულებების გაცვლა, ერთმანეთისგან სწავლა და ამის საქართველოში ჩამოტანა. სწორედ ამის გამოა ეს გაცვლითი პროგრამები ძალიან პოპულარული და წარმატებული წლების განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.