“სენატორების ვიზიტი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხორციელდება და ესეც მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო შტოს დღის წესრიგში საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებულია.” – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამბობს, რომ სენატორების ვიზიტიდან ჩანს, როგორ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.
ამერიკელი სენატორები საქართველოში დღეს ჩამოდიან
დავით ზალკალიანის თქმით, სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერაში ჩემპიონები არიან:
“ჩვენ ვმასპინძლობდით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრ კონგრესმენს, მაგრამ სენატორების ვიზიტი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხორციელდება და ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო შტოს დღის წესრიგში საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებულია. ამაზე მიანიშნებს სწორედ ის უამრავი საკანონმდებლო ინიციატივა თუ რეზოლუცია, რომელიც დაინიცირებული არის სწორედ ჩვენი მხარდამჭერი სენატორების მხრიდან.
სენატორი შაჰინი და პორტმანი ასევე არიან ჩემპიონები საქართველოს მხარდაჭერაში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ძალიან დროული ვიზიტია. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება რომელიც თავის ასახვას ჰპოვებს უკვე შემდგომ ნაბიჯებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.” – თქვა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ვიზიტების შესაძლებლობა განიხილა და თქვა, რომ დარწმუნებულია, მაღალი დონის ვიზიტები ორივე მიმართულებით ექნებათ.