LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სოფლად ოჯახების 68.1% და ქალაქად 10.5% შეშით თბება

134
შეშა

ოჯახების 35.4% გასათბობად შეშას იყენებს და ამ მიზნით მოხმარებული ენერგორესურსების სტრუქტურაში შეშა, ბუნებრივი გაზის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

გამოცემის თანახმად, რომელიც წელს საქსტატის მიერ, შინამეურნეობების სექტორში ჩატარებული ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგებს ეფუძნება, შინამეურნეობების წილი გათბობის ინდივიდუალურ საშუალებებში გამოყენებული ენერგორესურსების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • შინამეურნეობების 47.4% იყენებს ბუნებრივ გაზს;
  • 35.4% – შეშას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს;
  • 6.1% – ელექტროენერგიას;
  • 0.3% – ქვანახშირს;
  • 0.5% – ცხოველურ ნარჩენებს და სხვა რესურსს.

საქსტატის ცნობით, სოფლად გათბობის მიზნით, შეშის გამოყენების მაჩვენებელი ბევრად მაღალია და 68.1%-ს აღწევს, ხოლო ქალაქად 10.5%-ს უტოლდება.

რაც შეეხება საცხოვრისების განაწილება გათბობის ტიპების მიხედვით, გაზზე მომუშავე გათბობის ინდივიდუალურ ცენტრალურ სისტემას იყენებს შინამეურნეობების 17.1%. უდიდეს ნაწილში (81.3%) გათბობისთვის გამოიყენება სხვადასხვა ენერგორესურსებზე (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, შეშა და სხვა) მომუშავე გათბობის ინდივიდუალური საშუალებები, ხოლო საცხოვრისების 0.7% გათბობის გარეშეა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში კონდიცირების სისტემით აღჭურვილია საცხოვრისების საერთო რაოდენობის 11.7%. გაგრილების საშუალო ტემპერატურა დღეში 20 გრადუსის ფარგლებშია, ხოლო გაგრილების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს დღეში 4.4 საათს.

პუბლიკაციაში საუბარია საჭმლის მომზადების მეთოდებზეც. როგორც ირკვევა, საჭმლის მომზადებისათვის შინამეურნეობების 88.2% იყენებს ბუნებრივ გაზს, 22.1% – შეშას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს, 9.8% – თხევად გაზს, ხოლო ელექტროენერგიას იყენებს შინამეურნეობების 13%.

2021 წლის 5 იანვრიდან 2022 წლის 5 იანვრამდე, შინამეურნეობების საჭიროებისთვის მოხმარებულია:

  • 1270.5 მლნ. კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი;
  •  2039.2 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია;
  •  1766.5 ათასი კუბური მეტრი – შეშა.

ცალკეული ენერგორესურსის მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქის და სოფლის მიხედვით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარება შედარებით მაღალია საქალაქო დასახლებაში, ხოლო მოხმარებული შეშის 84.7% მოდის სოფლის ტიპის დასახლებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები