LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შინაპატიმრობა დაინერგება

89

შინაპატიმრობა სასამართლოს მიერ განაჩენის დადგომამდე – ბრალდებულისთვის აღკვეთის ეს ფორმა, შესაძლოა, საქართველოშიც დაინერგოს.

შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში გამოიყენება.

როგორც რადიო “ფორტუნასთან” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, შინაპატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, პირს ექნება საშუალება, დარჩეს მის ჩვეულ გარემოში, განაჩენის დადგომამდე გააგრძელოს სამსახური, თუ მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას არ მოითხოვს პროკურორი, თუმცა მთავარია ბრალდებული იყოს სახლში, მოსამართლის მიერ დადგენილ პერიოდებში.

“კონკრეტული დრო იქნება განსაზღვრული, როცა ბრალდებული უნდა იყოს სახლში, პრობაციის სააგენტო გააკონტროლოებს მის ქცევას სასამართლოს მხრიდან დაწესებულ პერიოდებში. წინასასამართლო პრობაცია მოგვცემს საშუალებას, ერთის მხრივ, დავზოგოთ სახსრები – შემცირდება პატიმართა რაოდენობა პენიტენციურ დაწესებულებებში, მეორეს მხრივ კი ადამიანები, ვისაც შეეფარდება აღნიშნული ღონისძიება, არ მოწყდებიან იმ სოციუმს, სადაც იმყოფებიან და სამართალდამცავ ორგანოებს ექნებათ ეფექტური საშუალება, გააკონტროლონ მათი ქცევა წინასასამართლო გამოძიების პროცესში“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიება, სავარაუდოდ, კონკრეტულ დანაშაულზე არ იქნება მიმბმული. კანონპროექტი ჯერ დამუშავების პროცესშია და ზუსტდება სხვადასხვა დეტალი.

„სავარაუდოდ, მოსამართლე გადაწყვეტს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კონკრეტული ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, რომელი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს ბრალდებულის მიმართ“ – დასძინა დარახველიძემ.

რა იქნება შინაპატიმრობის მინიმალური ან მაქსიმალური ვადა – როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, მაქსიმუმი, 9 თვიანი ვადა მხოლოდ პატიმრობის შემთხვევაში მოქმედებს, საპრობაციო აღკვეთის შემთხვევაში კონკრეტული ვადები გაწერილი არ არის და ეს შესაძლოა სასამართლო განაჩენის დადგომამდეც გაგრძელდეს.

აღკვეთის ღონისძიების სახედ დღესდღეობით გირაო და პატიმრობა გამოიყენება. აღკვეთის ღონისძიების ახალი ფორმის – შინაპატიმრობისა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიების ინიციატივა პარლამენტს დღეს მინისტრობის კანდიდატმა კახი კახიშვილმა გააცნო. კანონპროექტი დამუშავების პროცესშია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მასზე, მთავრობის საპარლამენტო სამდივნოსთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საელჩოს ჩართულობით მუშაობს.

ავტორი ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები