გამოვიკვლიოთ ყველა, ვუმკურნალოთ ყველას, დავამარცხოთ შიდსის ეპიდემია – ასე ეწოდება ახალ კამპანიას, რომელსაც „შიდსის ცენტრი“ იწყებს.
„შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ კვლევებისა და სტრატეგიული მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში შიდსის ახალი შემთხვევები სტაბილურად მზარდია. ზოგიერთ რისკჯგუფში, განსაკუთრებით კი მამაკაცთა შორის, სექსუალური კონტაქტისას მკვეთრად იმატა აივ-ინფიცირების შემთხვევებმა.
2017 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ოფიციალურად რეგისტრირებულია შიდსის 6711 შემთხვევა. თუმცა, აივ-შიდსით ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი 12 000 უნდა აღწევდეს.
ახალი სტრატეგიის მიხედვით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან ერთად, აივ-ინფექციის სკრინინგიც ჩატარდება, პაციენტები, რომლებიც C ჰეპატიტის ტესტს ჩაიტარებენ, ავტომატურად აივ-ინფექციაზეც გაივლიან შემოწმებას.
იდეის ინიციატორთა განმარტებით, სერვისების თანხვედრა დაავადების გამოვლენის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რაც აივ-ინფექციის დამარცხების წინაპირობაა.
„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, შიდსთან ბრძოლაში მთავარ გამოწვევად სწორედ ახალი შემთხვევების დროულ გამოვლენას ასახელებს.
„წელიწადში აივ-ინფექციის 1000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც სახელმწიფოსგან საპასუხო რეაგირებას მოითხოვს. შიდსი არ არის სრულად განკურნებადი დაავადება, მისი სრულად მოსპობა შეუძლებელია, თუმცა ხარისხიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტი აღარ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის სერვისებთან ინტეგრირების გზით შესაძლებელია არამარტო C ჰეპატიტის, არამედ შიდსის ეპიდემიის დასრულებაც. ეს იქნება მსოფლიოში პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ერთმა ქვეყანამ შეძლო ორი ქრონიკული ინფექციის დამარცხება,“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
აივ-ინფექციების გამოვლენის ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად შიდსთან დაკავშირებული სტიგმა სახელდება.
დავით ანანიაშვილი, რომელიც თავადაც აივ-ინფიცირებულია და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, პრობლემაზე 2001 წლიდან მუშაობს.
„წამლების, მკურნალობისა და ტესტირების მხრივ სიტუაცია გაუმჯობესებულია, თუმცა მთავარ პრობლემად სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა რჩება, რაც აფერხებს ახალი შემთხვევების გამოვლენასაც. ყველაზე დიდ პრობლემას სამედიცინო დაწესებულებებში ვაწყდებით. პრობლემები არის რეგიონებში, პატარა სოფლებში, სადაც სოციუმიდან გარიყვის შიშით ადამიანებს უფრო ეშინიათ დიაგნოიზის გამხელა,“ – ამბობს დავით ანანიაშვილი.
მედიკოსების ახალ ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ მმართველ გუნდშიც.
„პრევენცია და მკურნალობა უნდა იყოს უნივერსალური და, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს მოიცავდეს. საქართველოს აქვს უნიკალური ელიმინაციის პროგრამა, რომელთან თანხვედრაშიც შესაძლებელია ეფექტიანი პრევენცია და სკრინინგი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში აივ-ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით პირველ ადგილზე ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია 44,4%-ით, მეორე ადგილს ნარკოტიკების ინექციური მოხმარება იკავებს – 43,1%, შემდეგ კი მამაკაცებს შორის სექსუალური კონტაქტებია – 9,8%.
შიდსის ცენტრის პროგნოზით ინფიცირებულთა გამოვლენის გაუმჯობესების შემთხვევაში, 2019-2020 წლებში მკვეთრად გაიზრდება მკურნალობაზე მყოფი პირების რაოდენობა და შემცირდება ახალი შემთხვევების რიცხვი.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერი არის შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ქვეყნის მაშტაბით მოძრავ ამბულატორიებში მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ აივ-ინფექციაზე ტესტის ჩატარება.
თამუნა გოგუაძე