საქართველოსთვის მთავარი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ასეთია: აზერბაიჯანი 36.6 პროცენტი, ნიდერლანდები 12.4 პროცენტი, ხოლო თურქეთი – 11.3 პროცენტით.
საქსტატის წინასწარი მონაცემებითვე, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით ნაკლებია.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის II კვარტალში 66.3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 70.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მლნ. აშშ დოლარით.