მიმდინარე წელს საქართველოში საწვავის ფასი საშუალოდ 20 თეთრით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათი განცხადებით, იანვრის თვიდან დაწყებული ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე სხვადასხვა კომპანიების მიერ ყველაზე მოხმარებადი რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 15-20 თეთრით ლიტრზე; პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – საშუალოდ 13-21 თეთრით ლიტრზე, ხოლო ევრო დიზელის ფასი – საშუალოდ 15-33 თეთრით ლიტრზე.
,,იმის გამო რომ ლარი უფასურდება დოლართან მიმართებაში. ვერ მოხდა საწვავზე ფასის უფრო მეტად შემცირება”, – განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში
მათივე ინფორმაციით, დღეისათვის ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: სუპერი ტიპის ბენზინი – 1,69- 1,85 ლარი;
პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,59-1,70 ლარი;
რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,39-1,59 ლარი;
დიზელი62 – 1,37-1,49 ლარი;
ევროდიზელი – 1,39-1,65ლარი.
,,მიმდინარე დაბალი საერთაშორისო ფასები განპირობებულია სხვადასხვა გარემოებებით. მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად და უცვლელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა.”, – აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე. ოფიციალური მონაცემებით, იანვრის თვეში ირანიდან ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 1,3 მილიონი ბარელი/დღეში და მომავალში კიდევ უფრო მეტად გაზრდა იგეგმება.