LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საშიში სათამაშოები იყიდება – სახალხო დამცველი მთავრობას მიმართავს

68

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.

აღნიშნულის გამო, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან, მხოლოდ 2019 წლისათვის არის გათვალისწინებული. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭიროა, სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე შესრულდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ეროვნული კანონმდებლობა აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით; კონტროლის არარსებობამ კი შესაძლოა აღნიშნულ სიკეთეებს საფრთხე შეუქმნას.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავრობას – რეაგირება მოახდინოს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში 2019 წლამდე დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად, სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები