ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “საქართველოს ბიზნესასოციაციათან” შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ გამართულ შეხვედრას ძალიან საინტერესო უწოდა. “შეხვედრაზე გავაჟღერეთ ის ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალ წელს დანერგოს, მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ- ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის. დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ეს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებთ ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან”, – განაცხადა ბახტაძემ.
რაც შეეხება დღგ-ს რეფორმის ნაწილს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის ხვალაც დეტალურად გეგმავს, რომ ამ საკითხზე პარლამენტში ისაუბროს.
“ზოგადად, გეტყვით, რომ ეს გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს, ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება. დაახლოებით, 5-7 სამუშაო დღეეში მეწარმემ დაიბრუნოს უკან ის, რაც მას ობიექტურად ეკუთვნის”, – განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტში და აქედან გამომდინარე, ის ეხება ყველა სექტორს.
ფინანსთა მინისტრი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსაც გამოეხმაურა და საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია.
“მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა გვაჩვენა 17.6%-ით. მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევოკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდეც უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით”, – განაცხადა ბახტაძემ.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9 %-ით მეტია.