„საქართველოს ბიზნესასოციაცია“ საწვავის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს. აქვე, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დავიცვათ ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, რაც იმთავითვე გულისხმობს საზოგადოების პროფესიულ და ობიექტურ ინფორმირებას ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
რაც შეეხება საწვავზე ფასების ზრდას – ბუნებრივია, ეს პროცესი ნეგატიურად მოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკურ აგენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზნით უწევთ საწვავის მოხმარება. ამავდროულად, საწვავზე ფასების მატება, ასევე, უარყოფითად აისახება იმ ეკონომიკურ აგენტებზეც, რომლებიც ეწევიან საწვავის იმპორტს და მის შემდგომ რეალიზაციას – ამ კომპანიებს ეზრდებათ ხარჯები საბრუნავ სახსრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნის გამო და უმცირდებათ ეკონომიკური მოგება, რადგანაც ვერ ხერხდება ფასების მატების სრული მასშტაბით გადატანა საბოლოო მომხარებელზე.
უფრო კონკრეტულად: ფართო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასებს განსაზღვრას საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონიუნქტურა. ქვეყნის შიგნით კი საწვავის სარეალიზაციო ფასის დადგენაში მონაწილეობას იღებს 3 (სამი) მთავარი პარამეტრი: საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, საწვავის იმპორტზე მიკუთვნებული გადასახადები და აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. აღნიშნული არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის რაიმე ექსკლუზიურ გარემოებას და მსგავსი ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც სრულად არიან დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.
კიდევ უფრო კონკრეტულად: 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საერთაშორისო ფასები ბენზინზე (Platts Premium Unl 10 ppm) საშუალოდ შეადგენდა 378 აშშ დოლარს. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საერთშორისო ფასები საშუალოდ შეადგენს 791 აშშ დოლარს. ანუ, საერთაშორისო ფასები გაიზარდა 2-ჯერ და უფრო მეტად (+109%). ახლა კი შევადაროთ, როგორ გაიზარდა საქართველოში ყველაზე მეტად მოხმარებადი, „რეგულარის“ ტიპის საწვავის საცალო ფასი 2020-2021 წლებში: შარშან, 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, „რეგულარის“ საცალო ფასი საშუალოდ შეადგენდა 2,14 ლარს, ხოლო წელს ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ შეადგენს 3,07 ლარს.
ანუ, რეგულარის საცალო ფასის ზრდამ შეადგინა მხოლოდ +43%, რაც ახლოსაც კი ვერ მიდის საერთაშორისო ფასების ზრდის პროპორციასთან (+109%). სწორედ ეს იყო ნათქვამი „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის მიერ ამ საკითხზე კომენტირებისას, უბრალოდ ვციტირებთ:
“საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, ფასები ადგილობრივ ბაზარზე პირდაპირპროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, რომ კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს”.
ამ ფონზე, გარკვეული ჯგუფების მიერ არასამართლიანი და არაობიექტური ქმედებები ზოგადად დამაზიანებელია მთლიანად ბიზნესკლიმატისათვის. ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველანი უნდა შევჯერდეთ იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ სწორედ კერძო სექტორის სიძლიერეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად – საზოგადოების კეთილდღეობა.
ამასთან, საზოგადოებისათვის სრულიად ნათელია, რომ ბიზნესზე მსგავსი თავდასხმები ვერ იქონიებს ზეგავლენას მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე და, როგორც უკვე აღინიშნა, ამ ტიპის ქმედებები ისევ და ისევ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკას და დასაქმებულ ადამიანებს.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ასეთ დროს, საზოგადოება იყოს სოლიდარული და ნებისმიერ საკითხზე სამსჯელოდ აუცილებელია შეირჩეს კომუნიკაციის სწორი ფორმა. ჩვენის მხრივ, სურვილის შემთხვევაში, რასაკვირველია, ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ავუხსნათ საქმის პროფესიული და ობიექტური მხარე.
და ბოლოს, ყველას გთხოვთ, ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ ბიზნესი და შესაბამისად ეკონომიკური განვითარებაა ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი და თუნდაც ერთი სექტორის მიმართ ნებისმიერი ფორმით წარმოებული უსაფუძვლო და არასამართლიანი კამპანია, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მთელ ბიზნესზე და დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაში.