საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხვმა 3 723.5 შეადგინა, მოსახლეობის სიმჭიროვემ 1 კვ/კმ-ზე კი 65.1 ადამიანი.
მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. თბილისი სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია, 1 კვ/კმ.-ზე 2 322.5 ადამიანი ცხოვრობს. დედაქალაქის მაცხოვრებლები მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენენ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები შედარებით ნაკლებად დასახლებულია (29.7 000 ადამიანი). აღნიშნულ რეგიონებში, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ/კმ-ზე 7 ადამიანს არ აღემატება.
ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილების რაოდენობას 4 614 ადამიანით აღემატებოდა. ასევე, წინა წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში 10 783 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 48.1 პროცენტს მამაკაცები, ხოლო 51.9 პროცენტი ქალები შეადგენენ.
მთლიან მოსახლეობაში 0-14 წლის მამაკაცების წილი ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცები. აღნიშნული გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. საქართველოში, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება 8.5 წელია.
უფრო კონკრეტულად, 2018 წელს სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა დაბადებისას 74 წელია, მამაკაცებისათვის – 69.7, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელი.