26-27 აპრილს, სასტუმრო Holliday Inn-ში, საქართველოში პირველად სომელიეს სერტიფიცირებული გამოცდები ჩატარდება. „თბილისის ღვინის სკოლის“ კურსის მსმენელები 2 დღის მანძილზე თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ და წარმატებულ სტუდენტებს ოფიციალურად მიენიჭებათ სომელიეს და ასისტენტ სომელიეს სტატუსი. ეს სტატუსი აღიარებულია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, რომელიც 2014 წლიდან საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (The Association de la Sommellerie Internationale (A.S.I.) ოფიციალური წევრია.
„სასწავლო კურსის უპირველესი ამოცანაა სომელიეს პროფესიის განვითარება. გვინდა, საქართველოს HoReCa სექტორში (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) მომსახურების ხარისხი ამაღლდეს და ეს სფერო ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს. კურსი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს გახდეს სომელიე, ვინც მუშაობს ამ სექტორში, სურს დაიწყოს საკუთარი ღვინის ბიზნესი, ან უბრალოდ უყვარს ღვინო. საინტერესოა, რომ ამჟამინდელ ჯგუფში გარდა HoReCa სექტორში დასაქმებული ადამიანებისა, არის რამდენიმე იურისტი, ჟურნალისტი და სტუდენტი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს სპეციალობა მხოლოდ ღვინის სფეროსთან დაკავშირებული ადამიანებისთვის არ არის საინტერესო,“ – აღნიშნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა და „თბილისის ღვინის სკოლის“ დამფუძნებელმა შალვა ხეცურიანმა.
მისივე ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეული 90 მონაწილე „თბილისის ღვინის სკოლაში“ 3 თვის მანძილზე ეუფლებოდა სომელიეს პროფესიას. სასწავლო პროგრამა მოიცავდა არაერთ თემას, – ვენახის და ღვინის ეკონომიკას, ენოლოგიას, ღვინის დეგუსტაციისა და სომელიეს ხელოვნებას, მსოფლიოსა და საქართველოს ღვინოებს და სხვ.
მსმენელებს სემინარებს 20-მდე ქართველი და უცხოელი სპეციალისტი უკითხავდა. კურსის ფარგლებში საქართველოში სტუმრად იყვნენ ცნობილი სომელიე, იტალიის სომელიეთა ასოციაციის (ASPI) პრეზიდენტი ჯუზეპე ვაკარინი და მსოფლიოში წამყვანი ღვინის ჭიქების მწარმოებელი კომპანია “რიდელის” ვიცე პრეზიდენტიალექსანდერ ზორინი, რომლებმაც მსმენელებს სპეციალური მასტერკლასი ჩაუტარეს. მომავალ სომელიეებს ჰქონდათ არაერთი გასვლითი სასწავლო ტური საქართველოს ღვინის მარნებშიც.
ღვინის სკოლის მსმენელებს სომელიეს სტატუსის მოსაპოვებლად ორდღიანი პრაქტიკული და თეორიულ გამოცდის ჩაბარება შემდეგ საკითხებში მოუწევთ: ღვინის სერვირება, დეკანტირება, ღვინის შეფასება, ღვინის დაავადებებისა და არომატების ამოცნობა, პროგრამული კითხვები და ესსე. გამოცდის ჩაბარების შემდეგ HoReCa სექტორში გაჩნდება არაერთი მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული სომელიე, რომელიც ამ დრომდე ასე ცოტაა ღვინის ქვეყნად აღიარებულ საქართველოში.
თბილისის ღვინის სკოლა 2003 წლის სექტემბერში გაიხსნა. სკოლის დამფუძნებელია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და ღვინის კომპანია „მარანი ხეცურიანის“ დირექტორი შალვა ხეცურიანი. სკოლის მთავარი მისიაა, აამაღლოს საზოგადოების თვალში ღვინის მოხმარების კულტურა, და გაზარდოს მოთხოვნა და ინტერესი სომელიეს პროფესიის მიმართ.