LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად მუშაობს, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა: კვლევის შედეგები

66
1

“ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ და ეკონომიკაშიც დიდი წვლილი აქვთ, თუმცა მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის.” – ამის შესახებ საუბარია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ISET-ის ახალ კვლევაში, რომლის შედეგებიც დღეს ონლაინშეხვედრაზე წარადგინეს.

კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა.

კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახში დასაქმებულების 96% წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნას ართულებს. ხელშეკრულების არარსებობა კრიზისის, მაგალითად, პანდემიის დროს კი, დახმარებისა და ბენეფიტების მიღებასაც აფერხებს.

კვლევის წარდგენისას ყურადღება გამახვილდა იმ ნეგატიურ გავლენაზეც, რომელიც პანდემიამ ოჯახში დასაქმებულთა სამუშაოზე მოახდინა:

❗  შეზღუდვებისა და დამსაქმებლებში ვირუსის მიმართ არსებული შიშის გამო, მათმა უმრავლესობამ ან საარსებო სახსრები დაკარგა, ან შემცირებულ ანაზღაურებას იღებს;

❗  ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ და ეკონომიკაშიც დიდი წვლილი აქვთ, თუმცა მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის;

❗  ოჯახში დასაქმებულები, რომლებიც არაფორმალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ, ნაკლებად სარგებლობენ სოციალური დაცვის იმ მექანიზმებით, რომლებიც ფორმალურად დასაქმებულებისთვის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სავარაუდოა, რომ ოჯახში დასაქმებულებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები და უფლებები ნაკლებადაა დაცული, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ისინი სასამართლოს, სახალხო დამცველს ან შრომის ინსპექციას არ მიმართავენ.

კვლევამ ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეგულირების სავარაუდო ზეგავლენა და პერსპექტივებიც შეისწავლა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, რათა საქართველო შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენციას ოჯახში დასაქმებულების შესახებ.

“აღნიშნული დოკუმენტი ყველასთვის ღირსეულ შრომასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება. 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასქმებულთა უფლებების დასაცავად.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოში ქალთა არაფორმალური შრომის, კერძოდ, ოჯახში დასაქმებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კონვენციის რატიფიცირების ადვოკატირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების განხორციელების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებენ.