ბავშვთა დაცვის დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მთავრობასა და ბიზნეს-სექტორს მოუწოდებს, ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებებსა და მშობლობის პროგრამებში მეტი ინვესტიცია ჩადოს, რათა ქვეყანაში არსებობდეს მშობლების საჭიროებებზე მორგებული, ყოვლისმომცველი პროგრამები, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი ოჯახებისთვის.
ფონდში აცხადებენ, რომ ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები ოჯახთან მუშაობის ნებისმიერ სტადიაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი სერვისები კი საჭიროა იმისთვის, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს ოჯახური გარემო და ოჯახისგან განცალკევება თავიდან იქნას აცილებული:
“ბავშვის უფლებათა კოდექსი ხაზს უსვამს როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობას. ოჯახის მხარდამჭერი ძლიერი სერვისები საჭიროა იმისთვის, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნას ოჯახური გარემო და თავიდან იქნას აცილებული ოჯახისგან განცალკევება. ხარისხიანი სოციალური მომსახურების უზრუნველყოფაში წამყვანი როლი სოციალური უზრუნველყოფის ცენტრალური და მუნიციპალური დონეების თანამშრომლებს უჭირავთ.” – აცხადებენ იუნისეფში.
ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში აღნიშნავს, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე საჭიროა ხელახლა გააზრება, თუ როგორ დაეხმარონ ოჯახებსა და მშობლებს, ჰქონდეთ საჭირო დრო, რესურსები და სერვისები ბავშვებისათვის პოზიტიური ბიძგის მისაცემად:
ხალილი პანდემიის როლზეც ამახვილებს ყურადღებას და იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რომელიც კოვიდპანდემიამ გამოკვეთა:
“კოვიდ-19-ის პანდემიამ და მისმა სოციო-ეკონომიკურმა შედეგებმა მშობლებისთვის სტრესის ახალი ფაქტორები გააჩინა და კიდევ უფრო გაამძაფრა ოჯახებში აქამდე არსებული არაკეთილსაიმედო ვითარება. შევაბიჯეთ რა პანდემიის მეორე წელიწადში, მშობლებსა და მზრუნველებს კვლავ უჭირთ ბავშვების ჩართვა სასწავლო პროცესში და თავიანთი ოჯახების ფუნქციურობის შენარჩუნება, ხშირ შემთხვევაში გაზრდილი სიღატაკის პირობებშიც. ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გვჭირდება იმის ხელახლა გააზრება, თუ როგორ დავეხმაროთ ოჯახებსა და მშობლებს, ჰქონდეთ საჭირო დრო, რესურსები და სერვისები ბავშვებისათვის პოზიტიური ბიძგის მისაცემად. ევრკოკავშირთან პარტნიორობით მშობლებსა და ბავშვებს დავეხმარებით პოზიტიური მშობლობისა და ოჯახისათვის საჭირო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებაში.” – თქვა ხალილმა.
პოზიტიური მშობლობისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, გაეროს ბავშვთა ფონდი “პოზიტიური მშობლობის კვირეულს” ატარებს. კამპანიის ფარგლებში მშობლები, პროფესიონალები და ბავშვები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ როგორი უნდა იყოს პოზიტიური აღზრდისა და ბავშვთა უფლებების დაცვისადმი გონივრული მიდგომები.