„პანდემიის პირობებში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა საგანმანათლებლო კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ემუქრება. მსოფლიო ბანკის მიხედვით, 28 მარტისთვის, 1,6 მილიარდი ბავშვი და მოზარდი არ დადის სკოლაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც მოსწავლეთა 80%-ია“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს.
როგორც ის ამბობს, შედარებით უზრუნველყოფილი ოჯახები და სკოლები გაცილებით მარტივად ეწყობიან ონლაინ და დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ იქ, სადაც ამის საშუალება არ არსებობს, მდგომარეობა ძალიან რთულია.
„საქართველოში სასკოლო განათლება რა მდგომარეობაშია ამაზე ახლა აღარ დავწერ. მაგრამ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ხელმისაწვდომობა განათლებაზე და კიდევ უფრო მეტი უთანასწორობის ნაცვლად, შესაძლებლობად ვაქციოთ ეს ამბავი, აუცილებელია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესის უსწრაფესად დასრულება. ყველა ოჯახს და განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეს უნდა ქონდეს კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა. ჩემი უხეში გათვლებით მოსწავლეთა მინიმუმ 30%-ს არ აქვს მუდმივი წვდომა კომპიუტერზე და შესაბამისი ხარისხის ინტერნეტზე“, – აღნიშნავს ქადაგიძე და დასძენს, რომ ამაზე უკეთეს ინვესტიციას ვერც სახელმწიფო, ვერც კერძო სექტორი ძნელად თუ გააკეთებს.
„მოკლედ, ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სკოლის მოსწავლის ოჯახში უნდა იყოს გადაუდებელი პრიორიტეტის ამოცანა, გათვალისწინებული მოზიდული დახმარებების მიზნობრიობაშიც“, – განმარტავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.