„საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება, არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იქნება“, – ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2 ოქტომბერს საქართველოში უნდა გაიმართოს, „სტაბილურობა სჭირდება, რაც სააკაშვილს არ მოაქვს“.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში მის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს უმეტესწილად სტაბილურობა სჭირდება. მას კი, ეს არ მოაქვს. მე არ ვსაუბრობ მის პირად პოლიტიკაზე, მე მხოლოდ სიგნალებსა და სიმბოლოებს ვგულისხმობ. ვიმედოვნებ, რომ თუკი ის დაბრუნდება, ამას ჩუმად გააკეთებს და არა 2 ოქტომბერს, როდესაც ამას ყველა ელოდება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.