საქართველოში მეტყევის დღე აღინიშნა. ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა ისაუბრა.
როგორ აღინიშნა დღევანდელი დღე?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
როგორც ვიცი სატყეო სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს…
წლების განმავლობაში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა GIZ -ის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF), CENN -ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. ღონისძიებაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიებში მუდმივი ჩართულობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და მედიის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.