LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-ცენტრი აშენდება

120

საქართველოში აშენდება მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი მსხვილი ტრენინგ-ცენტრი, რომელმაც ამიერკავკასიაში რეგიონალური ტრენინგ-ცენტრის სტატუსი უნდა შეიძინოს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „კარიერული პერსპექტივები საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტრენინგ-ცენტრის აშენების შემდგომ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრი გაზრდის მოსამზადებელი სპეციალობების ჩამონათვალს (სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტვირთების დამაგრება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად მართვა და სხვ.).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრმა მოიპოვა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის აკრედიტაცია და დღეს გასცემს დიპლომს, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი და სხვა მოწინავე ქვეყნების მიერ.

„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინსტრუქტორებმა წარმატებით გაიარეს 6 თვიანი აკრედიტაციის პროცედურა, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის წესდების შესაბამისად. შედეგად, ქართველი ინსტრუქტორების კვალიფიკაცია გაუტოლდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციას, ხოლო მათ მიერ საქართველოში  მომზადებულ ყველა სპეციალისტს საშუალება ექნება დასაქმდეს ევროკავშირის  წევრ და სხვა მოწინავე ქვეყნებში,“- განაცხადა ხუციშვილმა.

კონფერენცია „კარიერული პერსპექტივები საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიაში“ საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU) დაფინანსებითა და „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 30 ქვეყნის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნესის 140-ზე მეტი წარმომადგენელმა მიიღო.