დაუდასტურებელი ინფორმაციით, მელომანებს ზაფხულში ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდებათ. მოარული ხმების მიხედვით, ბათუმში ცნობილი პოპ-როკ ჯგუფის „Maroon 5“-ის მოსმენის საშუალება გვექნება.
ჯგუფს ამჟამად ტურნე აქვს, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც მათ საიტზეა მითითებული, ზაფხულში, კერძოდ, 3 ივნისს, მათი კონცერტი მოსკოვში გაიმართება. შემდეგ კი სექტემბრამდე პაუზა აქვთ, მაგრამ როგორც ამბობენ, ისინი ბათუმს ესტუმრებიან, სავარაუდოდ, 10 ივნისს.
ჯგუფს საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მათი ჰიტები ქართველი მსმენელის დიდი ნაწილისთვისაა ცნობილი. თუკი ეს ამბავი დადასტურდება და ჯგუფი მართლაც ჩამოვა საქართველოში, მათ კონცერტზე, სავარაუდოდ, ნემსის ჩასაგდები ადგილი არ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ უკვე დადასტურებულია იტალიელი ვარსკვლავის, ეროს რამაზოტის ვიზიტის ამბავიც. ის თბილისს 24 აპრილს ესტუმრება და სპორტის სასახლეში გამართავს კონცერტს. საუბრობენ იმის შესახებაც, რომ თბილისში ასევე ჩამოვა რობი უილიამსი და მისი კონცერტი 26 მაისს თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება, ბილეთები კი სიმბოლურ ფასად გაიყიდება.
კულტურის მინისტრმა ვარსკვლავებთან მიმდინარე მოლაპარაკებები დაადასტურა, თუმცა ჯერ ვინაობას არ აკონკრეტებს.