მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ორი ავიაკომპანია განაახლებს. ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ვილნიუსი – ბათუმი -ვილნიუსისა და ტალინი – ბათუმი – ტალინის მიმართულებებით შეასრულებენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Getjet-ის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეისები ვილნიუსსა და ბათუმს შორის 30 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ორშაბათი), Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. პირველი რეისი აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანიამ გუშინ შეასრულა. რაც შეეხება ესტონური Smartlynx-ის განაცხადს, ავიაკომპანია ტალინსა და ბათუმს შორის მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესრულებას 5 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (ხუთშაბათი) Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით გეგმავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ორივე ავიაკომპანიას მოთხოვნილი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მიენიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ლიეტუვის, ისე ესტონეთის ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს პანდემიამდე, 2019 წელსაც ასრულებდნენ.