LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ლარი პირველი იყივლებს ხოლმე“ – რატომ ძვირდება ეროვნული ვალუტა

ეროვნული ვალუტა უფასურდება. დოლართან მიმართებაში კურსის ცვლილება უკვე მინუს 5 თეთრამდეა. ინფლაციის პროცესი არჩევნების დასრულებიდან ორ დღეში დაიწყო.

“ეროვნული ვალუტის რყევებზე საქართველოს ეროვნული ბანკი კომენტარს არ გააკეთებს,”  – ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, მედიას.

ამ პასუხის გარდა, მან განმარტა, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს, როგორც გაუფასურების, ისე გამყარების მიმართულებით და ეს ჩვეულებრივი პროცესია.

“არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით – ზოგჯერ გაუფასურების და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით.

“დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი. ანუ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება”, – განმარტა მან და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნოდ, ეროვნულმა ბანკმა, კურსის დასაჭერად ინტერვენცია განახორციელა.

ჩვეულებრივია ეს პროცესუ თუ არაჩვეულებრივი, ფაქტია, რომ მოსახლეობაზე დიდ გავლენას ახდენს და კურსის თუნდაც 3-დან ხუთ პუნქტამდე დაცემა მათ უკმაყოფილებას იწვევს.

როცა კურსი უცებ იზრდება, თუ ვარდება, ისინი ფიქრობენ, რომ “რაღაც ხდება”. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებს.

“ყოველდღე თვალი გამირბის ევროსკენ, როცა ვხედავ, რომ ის მუდმივად იცვლება და უმეტეს შემთხვევაში ზევით ადის, მიჩნდება არასტაბილურობის განცდა, რადგან ვერ ვგეგმავ ვერაფერს. მაქვს მოლოდინი, რომ მომავალშიკიდევ უფრო გაიზრდება,” – განაცხადა “ფორტუნასთან” ვ.დ-მ.

“ბინის შეძენა მინდა. ამისთვის სესხის აღება მჭირდება. ვერ შევარჩიე პერიოდი, რომ ლარი სტაბილური იყოს და მშვიდად ავიღო სესხი. ყოველდღე კურსს რომ ვუყურებ, მაჟრიალებს.  არასტაბილურობის განცდა მიჩნდება,”  – განაცხადა ჩვენთან ფ.ი-მ

“როცა ლარი, თვეში ერთხელ, ერთი პუნქტით უფასურდება, ეს არ მადარდებს და ჩვეულებრივ ამბად ვთვლი, თუმცა, როდესაც ასე სწრაფად იწევს კურსი, ვიცი, რომ ეს ეკონომიკის გაჯანსაღებასთან არაფერ კავშირშია,” – განაცხადა ჩვენთან ნ.გ-მ.

რამდენად უკავშირდება ეს ჩვეულებრივი პროცესი არჩევნებს და არის თუ არა რაიმე სხვა „შოკი“, რომლის გამოც ეროვნული ვალუტა ძვირდება, ამასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ ექსპერტებს ესაუბრა.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე, ლარის გაუფასურებას არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებს უკავშირებს.

ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ერთჯერადი პროცესია და მომავალში არ გაგრძელდება.

ის ასევე, მოუწოდებს ეროვნულ ბანკსა და მთავრობას, რომ სწორი მოლოდინების შესაქმნელად უფრო მეტი იმუშავონ.

„მგონია, რომ ეს სეზონური ფაქტორით გამოწვეული ერთგვარი აჟიოტაჟი და მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით ხდება ხოლმე კურსის გაუფასურება.

“შეიძლება, ფიქრობდნენ, რომ არჩევნებამდე კურსს ხელოვნურად იჭრდნენ…

“პოლიტიკურ ცვლილებებს ეს არ უკავშირდება, რადგან რეალურად ფუნდამენტური ცვლილება არც მომხდარა, თუმცა მოლოდინი მაინც იყო ასეთი, რომ ზამთარი მოდის, ლარი გაუფასურდება და მოვასწროთ… ამიტომ ბიზნესი დოლარის რესურსის აკუმულირებას ახდენს.

“ბაზრის მონაწილეებს ასეთი მოლოდინი აქვთ. ეს სწორია თუ არასწორი, მომავალში გამოჩნდება,“ – განაცხადა გიორგი კეპულაძემ „ფორტუნასთან.“

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, ლარის გაუფასურებას არჩევნებს უფრო პოლიტიკურ კონტექსტში უკავშირებს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ამასთან დაკავშრებით “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„- როდის არის ამომრჩეველი ყველაზე გონიერი?

არჩევნებიდან მეორე დღეს.

– როდის იქნებოდა არჩევნების შედეგი ყველაზე ობიექტური?

არჩევნებიდან მეორე დღესვე, ახალი არჩევნები რომ ტარდებოდეს.

– ვინ არის მეორე დღეს გონების პირველი განმანათებელი?

ზოგან ვინ და ზოგან რა.

მაგალითად, სვაზილენდში ეს არის მამალი, საქართველოში – ლარი.

პირველი იყივლებს ხოლმე,“ – წერს გოცირიძე.

 

თამთა უთურგაშვილი