საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, გამოხატავს პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის მიმართ და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ავრცელებს შემდეგ განცხადებას:
1. ირანის ისლამური რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში დაიწყო ეფექტური და საგანგებო ღონისძიებების გატარება, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად. ამ მიზნით, სასწრაფოდ შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი და პრეზიდენტის ბრძანებით ჯანდაცვის მინისტრს დაევალა ვირუსის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით სასწრაფო ზომების მიღება. ირანის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:
– კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ბიუჯეტის გამოყოფა.
– სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარება სკოლის მოსწავლეების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებისა და მოსახლეობისათვის; ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციების გავრცელება სკოლებში.
– საჭირო ზომების გატარება შესაბამისი სამედიცინო და სამკურნალო საშუალებებისა და აღჭურვილობის (პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების, კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტების) წარმოებისა და მოპოვებისათვის.
– სამუშაო საათებისა და მოსახლეობის გადაადგილების შემცირება.
– საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსებისა და მეტროს სადგურების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
– კულტურული, და სპორტული ღონისძიებების გაუქმება; კინოთეატრებისა და სხვა გასართობი ცენტრების დახურვა.
– ვირუსთან ბრძოლისათვის საჭირო სამედიცინო პროდუქციის გაძვირებასთან და სპეკულაციასთან ბრძოლა და მათზე მარტივი ხელმისაწვდომობა.
2. ირანში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელის კრისტოფ ჰამელმანის განცხადებით, „ირანი არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ებრძვის კორონავირუსს. უახლოეს მომავალში ბევრი ქვეყანა აღმოჩნდება ამ გამოწვევის წინაშე. ამიტომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს ვირუსისაგან დაცულად თავის წარმოჩენას და სხვა ქვეყნების დადანაშაულებას, ვერ დაეხმარება კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში”.
3. მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ირანის ჯანდაცვის სისტემა როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე არის საკმაოდ ძლიერი და ეფექტური. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა მაქსიმალური ძალისხმევით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და თავისი სამედიცინო და სამკურნალო შესაძლებლობებითა და რესურსებით გამოსულია კორონავირუსთან ბრძოლის ასპარეზზე.
4. ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლობას უხდის ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას კორონავირუსთან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებებისათვის და მიაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მოქმედებებით იქნება შესაძლებელი კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება.
5. ირანის ისლამური რესპუბლიკა ჯანმრთელობას და წინსვლას უსურვებს საქართველოს მოსახლეობას და გამოთქვამს მზადყოფნას ყოველგვარი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.