არქიტექტურული ფორუმისა (Architectural Forum) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი ორგანიზებით, 21-25 მაისს, ღონისძიება ”ინოვაცია არქიტექტურაში 2016” გაიმართება.
აღნიშნული ტიპის ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდება. ტექნოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი არქიტექტურის თანამედროვე, ინოვაციური ტენდენციების პოპულარიზაცია და აღნიშნული მიმართულებით, ქართველი სპეციალისტების ცოდნის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. მნიშვნელოვანია ქართველი არქიტექტორების მიერ ინოვაციების დანერგვა არქიტექტურაში და შედეგად, პროცესების გაუმჯობესება.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმობა არქიტექტურულ ვორქშოპს, რომლის ფარგლებშიც დარეგისტრირებული გუნდები მიიღებენ თანხას 600 ლარის ოდენობით ინსტალაციის შესაქმენლად. წლევანდელი ვორქშოპის თემა, ქალაქ თბილისში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ურბანულ საკითხებზე იქნება დაკავშირებული.
”ვორქშოპის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ინსტალაციების შექმნის პროცესში გამოიყენონ ინოვაციების სააგენტოს ხელშეწყობით შექმნილი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში განთავსებული უახლესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა: ლაზერ მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხები სხვადასხვა ტიპის ზედაპირების დასამუშავებლად, 3D პრინტერები, 3D სკანერები და სხვა. ამ დანადგარების მეშვეობით, ისინი შეძლებენ განახორციელონ საკუთარი პროექტების მატერიალიზაცია და მათი რეალურ პროტოტიპად გარდაქმნა”, – განაცხადეს ტექნოპარკში.
ვორქშოპს უხელმძღვანელებს არქიტექტურული კვლევითი ორგანიზაციის “Appareil” დაფუძნებელი, ლონდონის არქიტექტურული ასოციაციის კურსდამთავრებული და კატალონიის არქიტექტორთა კოლეჯის სრულუფლებიანი წევრი – Edouard Cabay.
21 მაისს დაგეგმილია საჯარო დისკუსია, სადაც Edouard Cabay და სხვა ქართველი არქიტექტორები გამართავენ დისკუსიას მსოფლიოს მასშტაბით არსებულ არქიტექტურულ თუ ურბანულ პრობლემებზე.