გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია. ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განმარტებით, გადაჭარბება 15 მარტიდან არ დაფიქსირებულა, რაც მისი განმარტებით ქვეყანაში დადგენილი რეგულაციების შედეგია. მათ შორის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას, რაც ჰაერის დაბინძურების საკითხში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო.
“ჰაერის მონიტორინგი ხორციელდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ყველა ამ სადგურზე ძირითადი დამბინძურებლების შემცირება ფიქსირდება. ქვეყანაში პრობლემური იყო მყარი ნაწილაკები და აზოტისოჟანგი. იქიდან გამომდინარე, რომ დაბინძურების წყაროები შემცირდა, განსაკუთრებით ეს ეხება ავტოტრანსპორტის ნაკადის მკვეთრ შემცირებას, ამან გამოიღო თავისი დადებითი შედეგი. 15 მარტიდან არცერთი დამაბინძურებლის ზღვრული მნიშვნელობები არ არის გადაჭარბებული”, – განმარტავს ნოე მეგრელიშვილი.
სპეციალისტი ამბობს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, ტრანსპორტის მოძრაობის სრულ აღდგენას გზების გადატვირთვა მოჰყვება, რაც ჰაერის დაბინძურებაზე აისახება, ამიტომ მისი განმარტებით საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საკიხთან დაკავშირებით. მეგრელიშვილი მოქალაქეებს ურჩევს შესაძლებლობის შემთხვევაში, იარონ ველოსიპედით ან ფეხით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დაბინძურების მატება მაღალი არ იქნება.
“როდესაც საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, რა თქმა უნდა, ისევ დაიტვირთება გზები და ეტაპობრივი მატება გვექნება, მაგრამ თუ განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდება და მოქალაქეები ველოსიპედით ან ფეხით ივლიან, ამ შემთხვევაში, მატება არ უნდა იყო ისეთივე მაღალი, როგორიც გვქონდა. ჰაერში გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, ყოველთვის იყო ისედაც გაცილებით უფრო დაბალი კონცენტრაციით, ვიდრე ევროპული სტანდარტითაა გაწერილი”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება ჰაერში ტყვიის შემცველობის საკითხს, მეგრელიშვილის თქმით, მონიტორინგის შედეგებით დასტურდება, რომ წლებია ჰაერში ტყვის მაჩვენებელი, ზღვარზე გაცილებით დაბალია.