LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გაზის აღმოჩენაზე ინფორმაციის გავრცელებამ „ფრონტერას“ აქციები 6%-ით გააძვირა

108

საქართველოში გაზის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ფრონტერას“ აქციების ფასმა 6%-ით მოიმატა.

კომპანია „ფრონტერა“ ამ სიახლეს გაბანკროტებისაგან თავდასძვრენად იყენებს. ამის შესახებ თავის საკუთარ Facebook-ის გვერდზე საკონსულტაციო და ინვესტიციების მართვის კომპანია ster.ge-ს მენეჯერი, ფინანსისტი არჩილ კუბლაშვილი აქვეყნებს.

„ხალხო, გეყოთ გაუთავებელი პოსტების დაშეარება საქართველოში გაზის 5 ტრილიონი კუბის ზომის საბადოს აღმოჩენის შესახებ. ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, მცდარია და კომპანია „ფრონტერა“ ამ სიახლეს გაბანკროტებისაგან თავდასძვრენად იყენებს. მსგავსი ტიპის გაუაზრებელი და უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებით საინფორმაციო სააგენტოები საქართველოს საინვესტიციო გარემოს საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს.“- წერს არჩილ კუბლაშვილი.

ფინანსისტი “ლონდონის საფონდო ბირჟიდან”  სნეპშოტებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ კომპანია „ფრონტერას“ აქციები 2012 წლის 6,9 ფუნტიდან დღეს დღეობით ისტორიულ მინიმუმზე, სულ რაღაც 0,6 ფუნტამდეა დაცემული.

„5 წლის განმავლობაში კომპანიას არც-ერთი ფუნტი მოგება არ უნახავს და შესაბამისად, არც დივიდენდები არ გაუცია. ლოგიკურია ჩნდება კითხვა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ეს ყალბი ინფორმაცია, რაზეც პასუხი მარტივია:

კომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს სურვილი აქვთ რომ “ჰაიპის” საფუძველზე ხელოვნურად შექმნან მათ აქციებზე მოთხოვნა და საკუთარი დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით სააქციო პაკეტები გაბერილი ფასით მიჰყიდონ არიფ ინვესტორებს“- წერს ფინანსისტი.

frotera

ორი დღის წინ „ფოტრუნას“ ეკონომისტმა ვაჟა კაპანაძემ განუცხადა, რომ რიგი კომპანიები ხშირ შემთხვევაში ჭორებს გამიზნულად ავრცელებენ, რათა ბირჟაზე საკუთარი აქციების კვოტირება გაზარდონ.

”თუ აქვს საფუძველი, ეს თქვას, ძალიან კარგია. მაგრამ, თუ ეს არის ტყუილი, გამიზნული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისი პარტიების კვოტირება გაიზარდოს საფონდო ბირჟებზე, ან შეიძლება აქციების გამოშვებას აპირებს. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უამრავი ტყუილი ყოფილა ხოლმე, რომ ბირჟებზე ფასების კვოტირებაზე გავლენა მოეხდინათ” – განუცხადა ”ფორტუნას” ვაჟა კაპანაძემ.

საქართველოში ხუთი ტრილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსის აღმოჩენის შესახებ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში კომპანია ”ფრონტერას” ხელმძღვანელმა განაცხადა. სტივ ნიკარსონის თქმით, სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება და შეძლებს ბუნებრივი აირით თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა  მოამარაგოს.

”ვფიქრობთ, რომ საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი, დაახლოებით 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. საბადო აღმოსავლეთ საქართველოშია, მოცულობა ბაზარზე 10 წლის განმავლობაში გავა და გაზის მიწოდების კუთხით თამაშის წესებს შეცვლის”, – განაცხადა ნიკარსონმა.

კომპანია Frontera Resources Georgia Corporation-ი საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. იგი კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს, რისთვისაც მან საქართველოში ოპერატორი კომპანია შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” დააფუძნა.

კომპანიას საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან წილობრივი განაწილების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. სახლემწიფოსა და კომპანიას შორის წილების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია კომპანიის მოთხოვნით, კონფიდენციალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები