„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც აშშ-ში ვიზიტისას განიხილება.
„რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვხსნათ. თუ ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს ამაზე დაველაპარაკებით, დამერწმუნეთ, ეს შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს. დღეს ვაშინგტონი მსოფლიოს პოლიტიკური ცენტია, სადაც ყოველდღიურად მიიღება გადაწყვეტილებები ჩვენს რეგიონთან, უკრაინასთან მიმართებით. ვწუხვარ, რომ საქართველო აქ არ არის. ხელისუფლებაში მმართველი ძალის პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სირაქლემას პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ზოგადად ახალ გეოპოლიტიკურ ტურბულენციასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე, ეს სირაქლემას პოზიცია საფრთხეებს მოგვიტანს, რუსეთისგან შემდგომ აგრესიას.
სამწუხაროდ, იმ შესაძლებლობას, რომელიც საქართველომ შეიძლება გამოიყენოს, ხელიდან ვუშვებთ. დღეს, დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ ვაყენებთ საკითხს, რომ საქართველოში განხილული უნდა იყოს აშშ-ის ბაზის განლაგების საკითხი. დარწმუნებული ვარ, უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ნატო-ში გაწევრიანებამდე ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი, რომ რუსული აგრესია შევაჩეროთ“,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ და სხვა შესაძლებლობებს ხელიდან უშვებს.
„ვწუხვარ, რომ ქართული ოცნება“ ამ საოცარ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს. ოთახში არიან ჩაკეტილი, ოღონდ არავის ელაპარაკონ და ოღონდ არავინ ჩამოვიდეს საქართველოში, მზად არიან, სახელმწიფო ინტერესებზე უარი თქვან“,-განაცხადა ვაშაძემ.