LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ძალიან ბევრი სიძულვილი იწარმოება – ჩვენ ან უპირობოდ ვაქებთ ერთმანეთს, ან უპირობოდ გვძულს: ტორესა მოსი

123
ტორესა მოსი

მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი, ფსევდონიმით ტორესა მოსი სოციალურ ქსელში სიძულვილის შესახებ წერს. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი სიძულვილი იწარმოება, რისთვისაც ლეგიტიმურ მიზეზებს ყველა ვპოულობთ.

როგორც ტორესა მოსი წერს, ქართულ რეალობაში კრიტიკის კულტურაა გამქრალი და ჩვენ ან უპირობოდ ვაქებთ, ან უპირობოდ გვძულს.

მწერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ „თუ კრიტიკის კულტურა არ გვექნება, საკუთარ სიმართლეში ბრიყვული თავდაჯერებულობით მუდმივად ცოფიანი ცხოველებივით ვიქნებით მზად ერთმანეთი ვგესლოთ, ვჯიჯგნოთ და ვფლითოთ, რის შედეგადაც ყველა ერთად მოვყვებით ამ ქვეყნის ნანგრევებში“.

„ერთი რამე მინდა ვთქვა, შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. სიძულვილი არ არის ენერგია, რამეზეც შეიძლება რამე დააშენო. სიძულვილი არ არის რამე, რასაც შეიძლება რამე დადებითი შედეგი მოჰყვეს. ნებისმიერ სიძულვილს აქვს თავისი ფასი. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გძულს. ყველა სიძულვილში იხდი ფასს.

საქართველოში ძალიან ბევრი სიძულვილი იწარმოება. ამ სიძულვილისთვის ყველა ვპოულობთ ლეგიტიმურ მიზეზებს. ყველა. ქოცები გინდა გძულდეს? კი ბატონო, იპოვი ათას მიზეზს, ნაცები? რა პრობლემაა, სამაგისო მიზეზსაც მარტივად ნახავ. მემარცხენეები? მემარჯვენეები? მწვანეები? ფემინისტები? კონსერვატორები? უსასრულო სიაა, ჯამში კი გამოდის, რომ ყველას ყველა გვძულს. კომიკურობამდე მიდის ხოლმე ეს ყველაფერი, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი ერთ ნაწილში შეიძლება აუტანლად გეზიზღებოდეს და მეორე ნაწილში კი მოკავშირედ განიხილავდე.

თითქოს ეს ყველაფერი ნორმად იქცა, აბა როგორ, ჩვენ ხომ განვსხვავდებით და ბუნებრივია ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად განსხვავებებია ბუნებრივი, მაგრამ სიძულვილი ვერ იქნება ბუნებრივი მდგომარეობა.

თუ დააკვირდებით, ქართულ რეალობაში გაქრა კრიტიკის კულტურა. ჩვენ ან უპირობოდ ვაქებთ ერთმანეთს, ან უპირობოდ გვძულს. მენატრება, რომ ვინმემ გამაკრიტიკოს. კი არ დამგესლოს, მომწამლოს და სიძულვილი მაფრქვიოს თავზე, მითხრას რომ აი ამას და ამას შენში ვაფასებ, მაგრამ აქ და აქ ამიტომ და ამიტომ არ გეთანხმები.

გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ თუ ამას არ ვისწავლით და ასე საკუთარ სიმართლეში ბრიყვული თავდაჯერებულობით მუდმივად ცოფიანი ცხოველებივით ვიქნებით მზად ერთმანეთი ვგესლოთ, ვჯიჯგნოთ და ვფლითოთ, ყველა ერთად მოვყვებით ამ ქვეყნის ნანგრევებში.

და აქვე მინდა ვიკითხო, რატომ გგონიათ, რომ ცინიზმი, ადამიანის ღირსების რაღაც სიმაღლიდან ფეხქვეშ გათელვა, დაცინვა, მაღალი ინტელექტის ნიშანია? სწავლული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბრიყვი, რადგან დასწავლა არის მექანიკური პროცესი და დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანის უნართან რაღაც ისწავლოს სტრუქტურულად გამართულად, მაგრამ ინტელექტი გულისხმობს საკუთარ თავში ემოციური ინტელექტის ქონასაც. კულტურულ ადამიანად ყოფნა აუცილებლად გულისხმობს სხვისი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და ინტელექტუალური არსებობის ლეგიტიმურად აღიარებას და პატივისცემას. ამ გაგებით, საქართველოში კულტურის ნაკლებობა ყველაზე მეტად, ამ საზოგადოების ყველაზე განათლებულ ნაწილს ახასიათებს.

ჰოდა, თუ კრიტიკულად შევხედავთ ამ ყველაფერს, კი ჩვენი ყველა უბედურების სათავე არის კულტურად ქცეული უკულტურობა და საყოველთაო სიძულვილის წარმოება.

ჰოდა, ზუსტად ვიცი, ამ სტატუსის კომენტარებშიც ვნახავთ იმის მტკიცებულებას, რასაც ამ სტატუსში ვწერ. აბა ვნახოთ რამდენი ადამიანი შეძლებს კრიტიკის ისე დაწერას, რომ თან ზიზღი, სიძულვილი და უპირობო მიუღებლობა არ ამოაფრქვიოს. დაუპირისპირდეს მოსაზრებას და არა ჩემ პიროვნებას. ესაა ის, რაც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ“, – წერს ტორესა მოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები