„საუბარი ომსა და მშვიდობაზე უფრო ფილოსოფიურ მსჯელობას განეკუთვნება, ბუნებრივია, ყველას მშვიდობა ურჩევნია, მაგრამ სწორად უნდა ვიცოდეთ, რამდენად შესაძლებელია მშვიდობა არამკვეთრი პოზიციის გამოხატვისას. საქართველოში დღეს მშვიდობა, თუ ამას მშვიდობა ჰქვია, მხოლოდ იმიტომაა, რომ რუსეთს უკრაინაში ხელ-ფეხი აქვს შეკრული“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას უსაფრთხოების ექსპერტი, ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე და განვლილ 2022 წელს აფასებს, რამაც არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს ყოფა შეცვალა.
უკრაინაში მიმდინარე, თითქმის 1 წლიანი სასტიკი ომის შემდეგ, დღეს, რუსეთთან, კონსტრუქციულად უკვე აღარავინ საუბრობს, გარდა გამონაკლისი რამდენიმე ქვეყნისა, რომლებიც კვლავ კრემლის მარწუხების ქვეშ არიან მოქცეულნი. 2022 წლის 24 თებერვლის დილა რომ გაუმართლებელი და მხოლოდ იმპერიალისტური მიზნებისაა, ამაზე პასუხს თავად სასტიკი რეჟიმის ლიდერი პუტინი დასავლეთისა და შტატების არაერთი მძლავრი სანქციით მუდმივად იღებს.
თუმცა, უახლესი ისტორიის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი წლის მიმოხილვისას საბოლოო კითხვა მაინც მხოლოდ ერთია: როდის დასრულდება აგრესორი პუტინის მცდელობა, გაანადგუროს ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, მიიტაცოს სხვა ქვეყნების მიწა-წყლები და რა ვისწავლეთ ჩვენ მსოფლიოსთან ერთად – საქართველომ, რომელმაც რუსეთის აგრესია არაერთგზის საკუთარ თავზე იწვნია.
ანდრო გოცირიძეს სწორედ განვლილ მძიმე წელსა და მის შედეგებზე ვთხოვეთ შეფასება და როგორც მან ასევე არაერთხელ გვითხრა, ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში მნიშვნელოვანი შეცდომებით წარიმართა, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გეგმის, ისე მისი განხორციელების, შესრულების ეტაპზე.
2002 წელი, 24 თებერვალი – როგორ განვითარდა რუსეთის აგრესია უკრაინაში
ანდრო გოცირიძის შეფასებით, 2022 წელი უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრით და გაუმართლებელი, სასტიკი ომით დაიწყო. მისი ანალიზით, კრემლში ელოდნენ, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე ან უფრო ადრეც, რუსული დანაყოფები კიევს აიღებდნენ, რაც მათთვის მიუღებელი, პროდასავლური ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევდა.
როგორც ანალიტიკოსმა გვითხრა, პუტინის გეგმების წარუმატებლობაში, რაც „სპეცოპერაციის“ ფარგლებში უკრაინის პროდასავლური ხელისუფლების და შესაბამისად კურსის ცვლილებას ითვალისწინებდა, პირველ რიგში, სპეცსამსახურების ჩავარდნამ შეიტანა წვლილი, რადგან კორუფციითა და პოლიტიზებით განეიტრალებულმა სპეცსამსახურებმა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
გოცირიძის აზრით, პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმული სპეცსამსახურები, ნაცვლად რეალურისა, რუსეთის ხელმძღვანელობას მათთვის სასურველ ინფორმაციას აწვდიდნენ და ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ კრემლში არსებობდა განცდა, თითქოს უკრაინის მოსახლეობა ამ ცვლილებებისთვის მზად იყო, სურდა მის ხელმძღვანელობაში პრორუსული მმართველობის ხილვა.
რუსი სამხედროები კოლონაში
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებულმა დაგეგმარებამ და მიღებულმა პოლიტიკურმა თუ სამხედრო გადაწყვეტილებებმა ოპერაციის წარუმატებლობა განაპირობეს.
„გარდა ამისა, სამხედრო თვალსაზრისით, მთელი წლის მანძილზე ჩანდა როგორც საჯარისო დაზვერვის, ისე ლოგისტიკის, მომარაგების და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის ჩავარდნები.
განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი შეტევის აქტიურ ფაზას ახორციელებდა – სახეზე იყო გაუმართაობები, არასათანადოდ დაგეგმილი მანევრები, მომარაგების შეფერხება, კოორდინაციის მოშლა.
ოფიციალური ცნობებით, ომის დაწყებიდან რუსეთმა 3 026 ერთეული ტანკი დაკარგა. ფოტოზე: განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა ქალაქ ბუჩაში
შედეგად, დიდ მანძილზე გაწელილი რუსული კოლონების გადაადგილება უკრაინული თავდაცვის ძალებისთვის შესანიშნავ სამიზნეს წარმოადგენდა.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს მეორე არმია, სიძლიერით მეორე ჯარი, რეალურად საკუთარ ამოცანას, დაგეგმარებიდან შესრულებამდე, ვერც ერთ ეტაპზე ვერ უმკლავდებოდა.
ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა როგორც კი უკრაინამ დასავლური მხარდაჭერის მობილიზაცია და თავდაცვის ოპერაციისთვის აუცილებელი მინიმალური რაოდენობით თანამედროვე შეიარაღების მიღება მოახერხა.
შეჭრის პირველი ორი კვირა არსებობდა განცდა, რომ რუსეთი გარკვეულ წარმატებას აღწევდა, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ის შემტევ ოპერაციას ახორციელებდა და მისი მანევრი ჩანდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და როგორც კიევთან, ისე აღმოსავლეთ ფრონტზე რუსული შეტევა სრულიად ჩავარდა“, – გვითხრა ანდრო გოცირიძემ.
მისი თქმით, ახლა რუსეთი სტრატეგიულ ობიექტებს ფრთოსანი რაკეტებით ბომბავს, რაც სამხედრო თვალსაზრისით ასევე საკამათო მოქმედებაა, თუმცა როგორც ანდრო გოცირიძემ გვითხრა, კრემლს ამჟამად უკრაინაში უფრო პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და მისი სამხედრო წარმატება რთულად წარმოსადგენია.
უკრაინელების უპირატესობა და გარდამტეხი ბრძოლები
რაც შეეხება უკრაინას, ანალიტიკოსის შეფასებით, უკრაინამ რამდენიმე წარმატებული მოქმედება განახორციელა და პირველ რიგში, ეს საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით გატარებულ ღონისძიებებს ეხება.
„ნებისმიერმა მარცხმა, შესაძლოა დომინოს პრინციპით ჯარების გაქცევაც კი გამოიწვიოს“ – ბახმუტი, როგორც კიდევ ერთი გარდამტეხი გზა უკრაინელებისთვის
„ძალიან სავალალოა, როდესაც ხელისუფლება ასეთ დროს ვერ ახერხებს მოახდინოს მოსახლეობის დიდი ნაწილის კონსოლიდაცია და ასეთ თემებზე მაინც ვიყოთ სოლიდარული უკრაინის და პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ.“ – უთხრა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
უსაფრთხოების ექსპერტის თქმით, მათ შორის, რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ქალაქებიც კი, რუსეთისთვის აუღებელი ციხესიმაგრე გახდა.
„საუბარი მაქვს ხარკოვის მიმართულებაზე, ასევე დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში არსებულ წინააღმდეგობაზე. ეს განსაკუთრებით გამოიხატა მარიუპოლის გმირული დაცვისას, როდესაც უკანასკნელ მებრძოლამდე, უკანასკნელ მოსახლემდე, რუსულ აგრესიას ყველა წინ აღუდგა და მარიუპოლმა მართლაც რამდენიმე თვიანი, გმირული წინააღმდეგობის მაგალითი აჩვენა.
ცნობილი ფოტო მარიუპოლის სამშობიარო სახლიდან, სადაც რუსების ბომბებს ახალგაზრდა ორსული უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა
მართალია ქალაქის ოკუპაცია რუსებმა საბოლოოდ მოახერხეს, მაგრამ ამან იმდენად შეასუსტა რუსული შემტევი პოტენციალი და იმდენად შეზღუდა, გამოფიტა რუსული სამხედრო მანქანა, რომ ორგანიზებული შეტევა სიღრმეში – დედაქალაქზე ან მით უმეტეს, ოდესის, დასავლეთ უკრაინის შტურმი, დნესტრისპირეთზე დერეფნის გაჭრა, რუსებმა ვერ განახორციელეს.
ვალერი ზალუჟნი: ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად – ბრძოლაში ჩნდება ერი
გარდამტეხი იყო რუსული სამხედრო გემების ჩაძირვის თვალსაზრისით შავ ზღვაში მიღწეული წარმატება, რამაც რუსული ფლოტის მოქმედების არეალი შეზღუდა და რის შემდეგაც რუსეთი იძულებული გახდა, ფლოტი შუა ზღვაში, სამხედრო ოპერაციების არეალიდან ღრმად გაეწია.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით უკრაინული გამარჯვებები, რაც გარდა სამხედრო მნიშვნელობისა, შემდგომი შეტევის პლაცდარმის შექმნას, ლოგისტიკური კვანძების ხელში ჩაგდებას, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებას გულისხმობს. ამას ასევე ძალიან დიდი მორალური მნიშვნელობა ჰქონდა.
შემოდგომიდან უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი თავის ამოცანას, ამ პირობებში, ვერაფრით ვეღარ განახორციელებდა. მეტიც, სტრატეგიული უპირატესობა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიპოვეს.
დასავლური ავტორიტეტული ორგანიზაციები უკვე აცხადებენ, რომ თუ უკრაინა ზამთარში შეუტევს, მას წინ კიდევ ბევრი წარმატება აქვს, რადგან ის დასავლური დახმარების ფონზე მნიშვნელოვან ტექნიკურ უპირატესობას ფლობს“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ანდრო გოცირიძემ.
იზუმიდან ლიმანამდე.. გზა ჯავშანმანქანით – გამარჯვებული უკრაინელი ჯარისკაცები ეროვნულ დროშას აფრიალებენ
მისი შეფასებით, გასაკვირი არაა, რომ ზამთარმა სამხედრო ღონისძიებებს ორივე მხრიდან საკუთარი დაღი დაასვა, რადგან ამოცანის შესრულება კლიმატური პირობების გაუარესებასთან ერთად, რთულდება.
თუმცა, გოცირიძის ვარაუდით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, არ არის გამორიცხული რუსეთმა ხელახალი მობილიზაციის წყალობით კიევზე შეტევა კიდევ სცადოს.
ანალიტიკოსის თქმით, დიდი ალბათობით, ეს ვერ იქნება წარმატებული შეტევა, რადგან რუსეთის ელიტარული ნაწილები გამოფიტულია და კრემლი სამხედრო წარმატების მიღწევას წვევამდელთა კორპუსით ან კერძო სამხედრო დაჯგუფებებით ცდილობს.
განადგურებული რუსების ტანკი ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში
როგორც ანდრო გოცირიძემ აღნიშნა, ამისთვის კრემლს საფასურის გადახდაც უწევს, რადგან პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, კერძო სამხედრო ორგანიზაციების ლიდერებზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება, ისეთებზე, როგორიცაა პრიგოჟინი და კადიროვი.
დამარცხებული კრემლის მიზნები და უკრაინელების გმირული თავდაცვა – რა იქნება შემდეგ
„უკრაინელების გმირულმა თავდაცვამ და საერთაშორისო მხარდაჭერამ, რომლის გარეშეც ეს ვერ განხორციელდებოდა, განაპირობა ის, რომ რუსეთის ამოცანები მკვეთრად შეიცვალა“, – ამბობს გოცირიძე და დასძენს, რომ კრემლის მმართველი რეჟიმისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ახლა ისაა, რომ „მოცემულ მომენტში ომი დაასრულოს და არსებული ვითარება წარმატებად გაასაღოს.“
მისი თქმით, ეს „წარმატება“ პუტინისთვის შესაძლოა იყოს დაზავება ისე, რომ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს დაუკანონდეს, რათა კრემლის ელიტამ საკუთარ მოსახლეობაში ამით „გამარჯვების“ ილუზია შექმნას.
2022 წლის 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ ცნო – ფოტოზე: რუსი სამხედროები დონბასში
„სწორედ ამ მიზნით ანადგურებს რუსეთი სარაკეტო იერიშებით უკრაინის ენერგეტიკას, აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული მუქარით: ცივი ზამთრით, ენერგოდეფიციტითა და ბირთვული საფრთხით ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დასავლურ ერთიანობას, გატეხოს უკრაინელი ხალხის თავდაცვისუნარიანობა და აიძულოს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია, დაზავდეს რუსეთთან ნებისმიერი პირობების მიღებით.
პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე
უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.
„ამჟამად რუსეთის ნებისმიერი მოქმედება სწორედ ამას ემსახურება და ამისთვის მან შეიძლება რამდენიმე მწვავე ოპერაციაც კი განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთი ბელარუსის მიმართულებიდან კიევზე შეტევაა.
ჯერჯერობით რუსეთი ამისთვის მზად არ არის, მაგრამ გაზაფხულზე, როცა უკვე ტექნიკის გადაადგილება გაადვილდება და მობილიზებული ძალების გამოყენებისათვის კლიმატური პირობებიც შედარებით ხელსაყრელი იქნება, რუსეთმა, შესაძლოა, ეს თავდასხმა განახორციელოს.
არ ვფიქრობ, რომ რაიმე წარმატებებს მიაღწევენ, მაგრამ ამგვარი განვითარება სავსებით შესაძლებელია.
ძირითადი სტრატეგია ასეთია: ბუნებრივია, რუსეთი ახლა ვეღარ მიისწრაფვის კიევში ხელისუფლების შეცვლაზე, თუმცა ამაზე უარს არ იტყოდა. ახლა მისი მთავარი მიზანია, როგორმე დააკანონოს სტატუს-კვო და ანექსირებული ტერიტორიების ხარჯზე გამარჯვება გამოაცხადოს.
ამ მიზნის მისაღწევად კრემლი არა მარტო სამხედრო ღონისძიებებს ახორციელებს, არამედ, ასევე, დიპლომატიურ ფრონტზეც არ იშურებს ძალისხმევას: მისი სატელიტების, გავლენის აგენტურის მეშვეობით ან თუნდაც დასავლეთ ევროპაში გარკვეული ინტერესთა ჯგუფების გააქტიურებით.
კრემლი ცდილობს, დაამკვიდროს ისეთი აღქმა, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს რაღაც იმისთვის, რომ ევროპის ტერიტორიაზე ომი არ გავრცელდეს.
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანხმა – შემზღუდავი ზომები შესაძლოა, რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებისა და მისი ძრავების მიწოდებას შეეხოს
ბუნებრივია, ამგვარი გარანტიების მიღება იქნებოდა ხელახალი მიუნხენის ხელშეკრულება, აქედან გამომდინარე შედეგებით, ამიტომ დასავლეთი საკმაოდ კონსოლიდირებულია და არავინ ფიქრობს, რომ ახლა, რუსეთთან რაიმე გარიგების დადება შეუძლებელია.
შეერთებული შტატების, ევროპული სახელმწიფოების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ არაერთხელ გაჟღერებული საერთო პოზიცია გახლავთ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მოლაპარაკებები“, – უთხრა „ფორტუნას“ ანალიტიკოსმა.
საქართველოს როლი და უკრაინა = ევროპულ პერსპექტივას
დასმულ კითხვაზე, რა როლი უნდა ჰქონდეს ამ პროცესში საქართველოს გარდა უკრაინის ღია მხარდაჭერისა, ამასთან, რამდენად სწორია სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება იმაზე, რომ დასავლეთი და შტატები „ომში გვითრევენ“, უსაფრთხოების ექსპერტმა ასე გვიპასუხა:
„დავიწყოთ იმით, რომ დღეს უკრაინაში ომი არა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, არამედ, ომია რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის.
საქართველო კონსტიტუციურადაც და მსოფლმხედველობრივადაც არის დასავლეთის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ვალდებულია ამ პოზიციიდან წარმართოს საკუთარი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა. ყველა სხვა პოზიციონირება ანომალიაა და ნეგატიურად აისახება სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე.
საუბარი ომსა და მშვიდობაზე უფრო ფილოსოფიურ მსჯელობას განეკუთვნება, ბუნებრივია, ყველას მშვიდობა ურჩევნია, მაგრამ სწორად უნდა ვიცოდეთ, რამდენად შესაძლებელია მშვიდობა არამკვეთრი პოზიციის გამოხატვისას.
საქართველოში დღეს მშვიდობა, თუ ამას მშვიდობა ჰქვია, მხოლოდ იმიტომაა, რომ რუსეთს უკრაინაში ხელ-ფეხი აქვს შეკრული.
რაც უფრო სასტიკად, მყარად დამარცხდება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მყარად ექნება მას შასი თუნდაც საქართველოს ოკუპაციით ან ჰიბრიდული დამარცხებით, საქართველოს მიერთებით საკუთარი მოსახლეობის წინაშე რეაბილიტაცია მიიღოს.
ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, მეჩვენება, რომ უფრო შიდა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზეა გათვლილი და უფრო მეტად მიემართება არარაციონალური ინსტინქტების მქონე ამომრჩევლისკენ, ვიდრე გათვიცნობიერებულისა“, – აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან საქართველოს „ომში ჩათრევის“ მცდელობებს, მისი შეფასებით, ყველასთვის, ნებისმიერი დილეტანტისთვისაც კი ნათელია, რომ ერთადერთი, ვისაც დღეს საქართველოში ომი აწყობს, ეს რუსეთია, ოღონდ მას ახლა ამის საშუალება არ აქვს.
2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის რეგულარული არასამშვიდობო ჯარები შემოიჭრნენ
ექსპერტს რიტორიკული კითხვა აქვს: „რატომ უნდა უნდოდეს დასავლეთს ჩვენი ომში ჩათრევა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომმა დღის წესრიგში დააყენა ენერგორესურსების დერეფნის საქართველოზე გატარება და უკვე არსებული ტრანზიტის გაფართოება, რამაც შავი ზღვის რეგიონი დასავლეთის განსაკუთრებული დაინტერესების რეგიონად აქცია.“
„საქართველოს როლი ნათელია და ვხედავთ, რომ აქტუალურია შავი ზღვის ფსკერზე ახალი კაბელის თემატიკა, ცენტრალური აზიის ენერგორესურსების, აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით ევროპისაკენ ტრანსპორტირება.
ერთის მხრივ, ჩვენ ამას ვამბობთ, ეს შემდგარი ფაქტია და მეორე მხრივ, ვუშვებთ, რომ დასავლეთი, რომელიც დაინტერესებულია ენერგორესურსების საქართველოზე გატარებით, აი ამ დერეფნის ომში ჩათრევას, განადგურებას ანუ, თავისი ენერგორესურსების შეზღუდვას ცდილობს?!
ბუნებრივია, ეს აბსურდია და ამგვარი მსჯელობები ემსახურება საარჩევნო დივიდენდების მიღებას, იმ ძალიან ირაციონალური ემოციების გაღვიძებით, როგორიცაა რელიგიური შიშები, ტრადიციების ხელყოფის საშიშროება, მოსალოდნელი ომის საფრთხე და სხვა.
ბუნებრივია, არ შეიძლება ჭკუათმყოფელ ადამიანს ომი სურდეს, მით უმეტეს, მასზე ძალით აღმატებულ მოწინააღმდეგესთან, მაგრამ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ომი იმიტომ არ არის საქართველოში, რომ რუსეთს ეს ამ წუთს არ შეუძლია და ჩვენ უნდა ვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივად იცოდეს: საქართველოსთან ომი მას ძვირად დაუჯდება, იმაზე ძვირად, ვიდრე 2008 წელს“, – განუცხადა „ფორტუნას“ ანალიტიკოსმა.
მნიშვნელოვანი ამოცანები – თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია
ანდრო გოცირიძის შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაციით და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით, რაც ნიშნავს როგორც თავდაცვის ძალების და მათი შესაძლებლობების განვითარებას, ისე ტერიტორიული თავდაცვისა და რეზერვის სხვადასხვა მიმართულებების გაძლიერებას.
„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში
„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
„რაც შეეხება დასავლეთთან ინტეგრაციას და აქ საუბარი არ არის დაუყოვნებელ წევრობაზე, მაგრამ ჩვენ იმდენად ორგანული ნაწილი უნდა ვიყოთ დასავლეთის, რომ შესაძლო თავდასხმის პირობებში, მას ჩვენთვის დახმარების მობილიზება არ გაუჭირდეს.
მით უმეტეს, რომ მიმდინარე ომში რუსეთის დამარცხება ახალ მსოფლიო წესრიგს ამკვიდრებს და ახალი სამხედრო ალიანსებისა თუ უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობებს აჩენს.
იმ პირობებში, როდესაც უკანასკნელი 3-5 წელიწადი ჩვენსა და ევროპის, ამერიკის კონტინენტის დედაქალაქებში მხოლოდ ერთმანეთის მიმართ საყვედურები ისმის, ბუნებრივია, ცუდი განვითარების შემთხვევაში, ეს აფერხებს პოლიტიკური, სამხედრო თუ ჰუმანიტარული დახმარების მიღებას.
თუ დასავლეთმა ჩათვალა, რომ საქართველო, მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციიდან გამომდინარე, არ არის მისი ორგანული ნაწილი, შესაბამისი დახმარების კონსოლიდაცია გართულდება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დახმარების მიღების შეფერხება, მეზობლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის ძირგამომთხრელი საქმიანობაა რუსული დაზვერვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.
გამოდის, რომ ჩვენ ჩვენივე ხელით ვასრულებთ იმ ამოცანას, რაც რუსეთის ძალიან დაკავებულ სადაზვერვო უწყებებსა და ორგანოებს ახლა დღის წესრიგში აქვთ, რაც რასაკვირველია, სახელმწიფოსთვის დამაზარალებელია.
ცალსახად, დღეს ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, მეტისმეტად დაზარალებულია.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.