LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ციფრული საბაჟოს განვითარება იგეგმება

85

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დასავლეთ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების საქმიანობას პირადად გაეცნო.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფომაციაშია აღნიშნული, მინისტრი იმყოფებოდა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტისა და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონაში, სადაც დეტალურად გაეცნო რამდენად ეფექტურად ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვა, რამდენად კომფორტულია საბაჟო პროცედურები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ბათუმის სერვის-ცენტრსა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მამუკა ბახტაძე გაეცნო იმ ელექტრონულ სერვისებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ციფრული საბაჟოს განვითარების მიმართულებით, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელებისთვის საბაჟოზე არსებული ყველა სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვნად შეუმცირებს საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.

„დღეს, გავეცანით მომსახურებას და იმ პროდუქტებს, რომლებიც მიმდინარე წელს შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, თანამშრომლებისგან მოვისმინეთ ინიციატივები, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მომსახურება, ასევე, მათ გავაცანით ის რეფორმები, რომელსაც დავნერგავთ მომავალ წელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული საბაჟოს იდეაზე. პოზიტიური ფაქტია, რომ ჩვენს სერვის-ცენტრებში მომსახურების რაოდენობა პროცენტულად იზრდება. ამის პარალელურად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ახალი სერვისების დანერგვა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები გახდეს უფრო თანამედროვე, მომსახურება ორიენტირებული იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები