2023 წლის I კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.4 პუნქტით გაიზარდა და 20.1-ს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აქვეყნებს.
ISET-ის შეფასებით, ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (35.6) დაფიქსირდა.
“BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით 4.3 პუნქტით გაიზარდა და 2023 წლის I კვარტალისთვის 14.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის (37.6) სექტორში.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 34.9 პუნქტს მიაღწია. 2023 წლის I კვარტალისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა მრეწველობის სექტორში (62.5) დაფიქსირდა.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 5.6-ით შემცირდა და 22.3 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა”, – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.