მეცხოველეობის დარგის განვითარების მიზნით და ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირების უზრუნველსაყოფად საქართველოში ბიოუსაფრთხოების პუნქტების გახსნა იგეგმება.
როგორც „ფორტუნას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სულ დაგეგმილია 8 ასეთი პუნქტის გახსნა, მათ შორის ორი – მარნეულსა და რუსთავში უკვე მოქმედებს.
„ბიოუსაფრთხოების პუნქტებში ხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველფოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას,“- განაცხადეს სამინისტროში.
რაც შეეხება მეცხვარეობის განვითარების საკითხს. სამინისტროში განმარტავენ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა 35 ათასი სული ცხვრის ექსპორტი არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და ყატარში.
„ცხვრის ექსპორტის სეზონი დაწყებულია. ბოლო მონაცემებით, საექსპორტოდ განკუთვნილი ათასობით ცხვარი ამ დროისთვის საკარანტინო ზონაშია განთავსებული; ევროკავშირთან მიღწეულია შესაბამისი შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელი იქნება ქართული მატყლის გატანა ევროკავშირის ქვეყნებში.“, – განაცხადეს სამინისტროში.