LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბავშვების დაბადების მაჩვენებელი შემცირდა

532
bavshvi

2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა (მათ შორის – 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის.

2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი).

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 38.9 პროცენტიდან 37.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 22.6 პროცენტიდან 23.4 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

წინა წელთან შედარებით 2018 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 32.7 პროცენტიდან 31.1 პროცენტამდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 64.6 პროცენტიდან 66.0 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი თითქმის უცვლელია.

2018 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.6 წლით განისაზღვრა.

2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 122 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (656 კაცი).

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 416 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 1.5 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილე შეადგინა. ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტის ანალოგიურად, 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2017 წელთან შედარებით 1.4 პუნქტით შემცირდა და 9.8 პრომილე შეადგინა.

2018 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა.

2018 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები