2022 წლის დეკემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 1.16 მლრდ ლარით (2.66%-ით) გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაზრდილია როგორც ლარით, ისე უცხოური ვალუტით გაცემული სესხები. კერძოდ, გასულ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 596.47 მლნ ლარით (2.48%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 564.43 მლნ ლარით (2.88%-ით) გაიზარდა.
როგორც მონაცემებიდან ჩანს, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.
2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 23.66 მლრდ ლარი შეადგინა.
რა პირობით შეძლებენ პენსიონერები სესხის აღებას
„ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.03% შეადგინა. 30 ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მონაცემები 0.10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ეროვნული ბანკი ინფორმაციას დეპოზიტების შესახებაც აქვეყნებს. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 44.31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.69 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია 30 ნოემბრის მაჩვენებელზე.
დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 133.96 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.55 მლრდ ლარით, ანუ 5.88%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 43.90% შეადგინა. 30 ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.62 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.71% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 12.06%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.21%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.42%, ხოლო ევროს წილმა 17.01% შეადგინა.
შეგახსენებთ, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.9 მლრდ ლარით, ანუ 4.3%-ით გაიზარდა და 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 70.3 მლრდ ლარი შეადგინა.
კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც მათი მთლიანი აქტივების 13.1%-ია.