LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავტოტექმომსახურების ცენტრები განახლდება

139

საქართველოში ავტოტექმომსახურების ცენტრების მოდერნიზება განხორციელდება. ამას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც USAID-ის პროექტ ”ზრდა”-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და ”თეგეტა მოტორსის” გენერალურმა დირექტორმა თემურ კოხოძემ გააფორმეს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული მემორანდუმი განიხილება როგორც შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს, ურთიერთთანამშორმლობის ფარგლებში, ავტოტექმომსახურების ცენტრების მოდერნიზებას და მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას პროექტის სამიზნე რეგიონებში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა და ქვემო ქართლი.

”ამასთანავე, ”თეგეტა მოტორსი”, როგორც გამოცდილი და ცნობადი ბრენდი, დახმარებას გაუწევს პროექტ ”ზრდა-ს”, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ერთობლივად შერჩეული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. დახმარება მოიცავს გადამზადების კურსებს, კონსულტაციებსა და მხადაჭერას ბაზარზე. ასევე, საწარმოები ჩაერთვებიან თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაში, რაც მათ შემდგომი ზრდისა და განვითარების საშუალებას მისცემს”, – განმარტეს ”თეგეტა მოტორსში”.

ცნობისთვის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ”ზრდა” არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.
პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები