საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სასტუმრო „რუმსში“ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომელიც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში 3 700 000 მოქალაქეზე დაახლოებით 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული. სიკვდილიანობის შემთხვევები ყოველწიურად დაახლოებით 550-დან 600-მდე ადამიანს შეადგენს. შალვა ხუციშვილის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპაში.
მინისტრის მოადგილემ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ეს არის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებლობის სფერო.
შალვა ხუციშვილის თქმით, საკმაოდ დიდი კამპანიაა დაწყებული „შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისათვის“. მათ შორის სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპორექტების ინიცირებაც მოხდა. „ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს. ერთ-ერთი არის სკოლებში განათლების კომპონენტის გაძლიერება ბავშვებისათვის.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, მეხანძრეებსა და 112-ის წარმომადგენლებს გასვლითი ლექციები ექნებათ სკოლებში“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა. მისივე თქმით, წელს ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში 30-მდე სკოლაში განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოში მოხდება მისი განვრცობა.