“არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ”,-ამ სიტყვებით გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას.
როგორც მან აღნიშნა, ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” საბჭოთა ნოსტალგიამ შეიპყრო.
„დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სიმღერა “თბილისოს” ნაწილი რუსულად იმღერა.