LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესდელეგაცია ჩამოდის

72

არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები საქართველოდან ექსპორტის შესაძლებლობებით დაინტერესდნენ, – ამის შესახებ ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, 12-13 მაისს დაიგეგმა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის Baqer Mohebi წარმომადგენლები.

”ხსენებული სავაჭრო ქსელი საქმიანობს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და  35 საერთაშორისო ბრენდსა და 3000-ზე მეტ სასაწყობო პუნქტს აერთიანებს” – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს ასევე ესტუმრებიან არაბული კომპანიის Barakat Veg. & Fruits Co. L.L.C,-ის წარმომადგენლები. კომპანია ნატურალური წვენების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ბოსტნეულის რეალიზატორია. დელეგაციის წევრი მესამე კომპანია კი Emirates Macaroni Factory მაკარონის მწარმოებელია და აზიის 20-მდე ქვეყნაში საქმიანობს.

არაბულ მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უმასპინძლებს და გააცნობს ქართულ პროდუქციას, მათ შორის მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური  წყლის და საკვები პროდუქტების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია დელეგაციის  წევრების  ქართულ საწარმოებში სტუმრობა და სამუშაო პროცესის გაცნობა. დღის წესრიგით აგრეთვე გათვალისწინებულია მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუმრობა თანამშრომლობის დაგეგმვისა და არსებული პერსპექტივების განხილვის მიზნით.

ამასთან, მეწარმეობის  განვითარების სააგენტოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 13 მაისს, 16:30 საათზე, სასტუმროში Tbilisi Marriot-ი მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა სექტორიდან 25 ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება და საკუთარ საქმიანობას არაბულ მხარეს გააცნობს.