LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალი 5 ლარიანი გამოვიდა, წარწერით: მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი

172
evrosabjosmoneta

2019 წელს ევროპის საბჭო დაარსებიდან 70 წლის, ხოლო საქართველო – ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა მიუძღვნა.

ერთიანი ევროპის შექმნის იდეა 70 წელზე მეტს ითვლის. თუმცა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქვეყნების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო – შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც თავიდან აიცილებდა ტოტალიტარულ რეჟიმებს და უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვას.

დღეს ევროპის საბჭო 47 წევრ ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციას იმ საერთო პრინციპების საფუძველზე, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და დემოკრატია.

1999 წელს, ევროპის საბჭოს შექმნიდან 50 წლის შემდეგ, საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის 41-ე წევრი ქვეყანა და დაიბრუნა ევროპის პოლიტიკურ რუკაზე თავისი ადგილი. საქართველოსთვის ამ, მეტად მნიშვნელოვან, მოვლენას სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელი. “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი” – ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს  მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ამ მოვლენიდან 20 წლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზა დატანილი იქნა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ გახსნილ ვარსკვლავზე, იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავების გვერდით, რომელთაც ერთიანი, მრავალფეროვანი ევროპის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

მონეტის ავერსი გაყოფილია სიმეტრიულად ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც  წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებთ, როგორც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის სიმბოლო. მონეტის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ევროპის საბჭოს 70 წლის საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ლოგო, მონეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერები: “ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა”; “Our Rights, Our Freedoms, Our Europe”; “5 ლარი”.

ავერსის მსგავსად, მონეტის რევერსიც, ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაც, ასევე, წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებს, მათგან ერთი წითელი ფერითაა აღნიშნული, რომელიც სიმბოლურად საქართველოს აღნიშნავს. მონეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერები: “საქართველო”; “Georgia”; “20” (საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად); “1999 2019”, ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, “I am Georgian, and therefore I am European”.

მონეტა ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი ღირებულება 95 ლარია.

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 1 ნოემბრიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით.

მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Ag 925

წონა: 15.5 გ

დიამეტრი: 33 მმ

ხარისხი: პრუფი

გამოშვების წელი: 2019

მოჭრის რაოდენობა: 1500

დიზაინერი: ნიტა გონგაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები