LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალ ამერიკულ დრამას გადაიღებენ

38

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, სულ უფრო დატვირთული ხდება და  კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებაც მატულობს.  პროგრამის  ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან მცირე პერიოდში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეოთხე პროექტი ხორციელდება.

ახალი პროექტის, ამერიკული დრამის „კლოუნის“ გადაღებები საქართველოსა და ნორვეგიაში განხორციელდება და გადაღებების პროცესი 8 თვის განმავლობაში, 2016 წლის 8 აგვისტოდან, 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისისა და  რუსთავის ტერიტორიები შეირჩა.

მნიშვნელოვანია, რომ ფილმში ერთ-ერთი მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს. მხატვრული ფილმის რეჟისორი (Anthony Lucero) ქართულ საპროდიუსერო კომპანია „მისთი დონისთან“ აქტიურად ითანამშრომლებს.

ფილმის გადაღებების ფარგლებში საქართველოში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელშიც  უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობები – ნუცა კუხიანიძე და ქეთი მჭედლიშვილიც მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში შემოსულია 5 აპლიკაცია, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 3 ფილმზე, ერთი ფილმის გადაღებებები მიმდინარეობს, ხოლო კიდევ ერთი ფილმის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 8 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად  სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.

 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ  სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის  ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.