კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 6808 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 6800 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 8 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა ყველა მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.
2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. მიმდინარეობს საქმისწარმოება 2 დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.