საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურად გამოყენების, ასევე სრულიად ახალი ფორმატის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, 2018 წელი წარმატებული იყო.
ანგარიშის თანახმად, 21 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
„თანამშრომლობის ეს უნიკალური ფორმატი, რომელიც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთან ჩამოაყალიბა, ნათლად წარმოაჩენს ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების დინამიკას,“ – აღნიშნავს საგარეო უწყება.
ამასთან, 2018 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 97 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
განისაზღვრა ევროკავშირის დახმარების ოდენობა 2018 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და ითვალისწინებს 134 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას საქართველოსათვის.
ასევე, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა.
2018 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ყველა შესაბამისი უწყების, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევისა და პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული.