LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უნდა მოვუგოთ: უელსი გვემუქრება

102

საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაც წააგო და ახლა მესამესთვის ემზადება. კვირას, ჩვენები უელსს შეხვდებიან. ჩვენს თანაბარ ჯგუფში (ოღონდ თანაბარი ჩვენთვის არა), ფავორიტებისთვის საციცოხლო მნიშვნელობის ხდება ორ აუტსაიდერთან – საქართველოსთან და მოლდოვასთან ქულების არდაკარგვა. შესაბამისად, უელსის აწ უკვე ძლიერი ნაკრები ბუნებრივია ქართველებთან საშინაო მატჩში მხოლოდ სამ ქულას გეგმავს. ამაზე ბრიტანელები ღიად საუბრობენ. მათ შორის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მთავარი იმედი გარეთ ბეილი.

ამ უკანასკნელმა ავსტრიასთან გასვლაზე ფრის (2:2) შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ავსტრიისთან სტუმრად თამაში რთულია. დარწმუნებული ვარ, ავსტრია საკუთარ მოედანზე სხვა გუნდებსაც დააკარგვინებს ქულებს. ამიტომ აქედან ქულის წაღება არაა ცუდი.
ახლა საკუთარ მოედანზე საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს თამაში და იქ მოგება აუცილებელია”, – თქვა ”რეალის” ვარსკვლავმა.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმაც გააკეთა კომენტარი.
“ახლა მთავარია საქართველოს წინააღმდეგ ვიმარჯვოთ. ვერ ვიტყვი, რომ ავსტრიასთან თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ამის გამოსწორება კვირას ჩვენს კედლებში უნდა ვცადოთ”, – განაცხადა მწვრთნელმა.

უელსი საქართველოს კვირას, 9 ოქტომბერს კარდიფში მიიღებს.

 

ისე, უელსი ის იშვიათი გამონაკლისია, ვისთანაც საქართველოს დიდებულად გამოსდის თამაში. თავად განსაჯეთ: ჯვაროსნები სამჯერ შეხვედრილან უელსს და სამივეჯერ ჩვენ მოვიგეთ.
დაუვიწყარი მატჩი გვქონდა 1994 წლის 16 ნოემბერს, როდესაც უელსი 5:0 გავაცამტვერეთ (სხვათა შორის, იმ უელსში კოულმენიც თამაშობდა).
შემდეგ კარდიფში (1995 წლის 7 ივლისი) ქინქლაძის ჯადოსნური გოლით 1:0 მოვიგეთ. ეს ორი მატჩი ევროპის შესარჩევი იყო.
მესამე კი ამხანაგური სუონსიში გაიმართა (2008 წლის 20 აგვისტო) და 2:1 გავიმარჯვეთ.

ვინ იცის, იქნებ გავაგრძელოთ ეს დადებითი ტრადიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები