სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ქართველები კმაყოფილი უნდა იყვნენ ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნითი დოკუმენტით, რადგან მასში საქართველოს შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის ნათქვამი.
მისივე თქმით, კომუნიკე იმეორებს ბუქარესტის სამიტის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ასევე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას უკავშირდება.
„ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში ბევრი რამ არის ნათქვამი საქართველოს შესახებ, რითაც ქართველები კმაყოფილი უნდა იყვნენ. პირველ რიგში, კომუნიკე იმეორებს ბუქარესტის სამიტის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მეორე გადაწყვეტილება უკავშირდება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ „პირველ არხთან“ საუბრისას.
როგორც აპატურაიმ განაცხადა, მუშაობენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა, რომ ისინი უფრო აქტიურად მოემზადონ წევრობისთვის.
ჯეიმს აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის და ქართველებმა სამოქმედო გეგმა არ უნდა აღიქვან დაბრკოლებად, არამედ ეს პოლიტიკური ნაბიჯია.
„პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი არის წევრობის სამოქმედო გეგმა, როგორც ეს გაწერილია ნატო-ს ყველა დოკუმენტში და თუ პოლიტიკა არ შეიცვლება. გეგმის გადაცემა არის საჭირო ნაბიჯი, მაგრამ ასევე ჩვენთვის, ვინც ამ საკითხებზე ვმუშაობთ ცხადია, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ყველაფერი რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის სჭირდება, ქვეყანას უკვე აქვს და ეს ინსტრუმენტები მოქმედებს. წევრობის სამოქმედო გეგმა გადაიქცა იმად, რისთვისაც ის რეალურად არ იყო განკუთვნილი. MAPI იყო პრაქტიკული ინსტრუმენტი, თუმცა ახლა ის გადავიდა პოლიტიკურ განზომილებაში.
ქართველებმა წევრობის სამოქმედო გეგმა არ უნდა აღიქვან დაბრკოლებად. ეს პოლიტიკური ნაბიჯია. ყველაფერი, რაც საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად გვჭირდება, უკვე გვაქვს და MAPI-ის ხიდზე გადავალთ, მაშინ, როდესაც მასთან მივალთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.