ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია Kanal-2 საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გადაცემას ამზადებს. თითო გადაცემა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაეთმობა და ერთსაათიანი იქნება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ესტონელი ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, თელავი, სიღნაღი, ანანური, გუდაური, სტეფანწმინდა დაათვალიერეს და ტურისტული ადგილები გადაიღეს.
ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს: ველოტურში, რაფტინგსა და პარაპლანით ხტომაში, რუსთავის ავტოდრომზე კი დაესწრნენ რბოლას. გადამღები ჯგუფის წევრებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. ესტონელმა ჟურნალისტებმა გიორგი ჩოგოვაძესთან ინტერვიუ ჩაწერეს. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები აჭარას დაათვალიერებენ და შავი ზღვის კურორტების პოტენციალს გაეცნობიან. საქართველოს შესახებ გადაცემებს ესტონელი მაყურებელი სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით იხილავს.