LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სტაბილურობა გერმანიის ინტერესების ჭრილში – თბილისში ანგელა მერკელს ელოდებიან

122

გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ელოდებიან. ხელისუფლებასა და საექსპერტო წერეებში ერთნაირად თანხმდებიან, რომ ვიზიტს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის რეგიონში გერმანიის ინტერესებსა და მხარდაჭერაზე მიუთითებს. საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის რომ გერმანიასთან ურთიერთობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს, სახელისუფლებო და საექსპერტო წრეებში ამაზეც თანხმდებიან. თუმცა, მხარდაჭერაზე საუბრისას, ექსპერტები რუსეთის ფაქტორზე და ამ მხრივ მასთან გერმანიის ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე აკეთებენ აქცენტს, რაც მხარდაჭერის პროცესში ერთგვარად შემაფერხებელ ფაქტორად რჩება. ამ მხრივ აღსანიშნავია მერკელისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც მერკელის საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე შედგა და სადაც ოფიციალური ცნობებით, უკრაინის გვერდით საქართველოს საკითხი არ განხილულა.

 

 

„საქართველო დავიწყებას მიეცა. ეს არის მთავრობის გააზრებული პოლიტიკა, რომელსაც აქვს პლუსები და მინუსები. ეს მთავრობის შეგნებული არჩევანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ასე უკეთესია. პლუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ რუსეთთან კონფრონტაცია ნაკლებია, მინუსი კი ისაა, რომ საქართველოს ნაკლებად ახსენებენ. ასეთი პოლიტიკის წარმოებისას ზომიერების დაცვაა საჭირო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა და საქართველოს საკითხი დავიწყებას მიეცა,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო ჭრილში იშვიათად განიხილება, ექსპერტების ნაწილი მაინც არ გამორიცხავს, გერმანია კონფლიქტების მოგვარების პროცესში მეტად გააქტიურდეს.

„ქვეყანა დაინტერესებულია მიიღოს გაეროს უშიშროების მუდმივი წევრის სტატუსი, ამიტომ გარკვეულწილად, დაინტერესებულია, რომ უფრო ჩართული იყოს კონფლიქტების მოგვარების პროცესში. გერმანია აქტიურად იყო ჩართული მაგალითად, მინსკის შეთანხმების ფარგლებში, აქტიური მონაწილეა ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების საკითხში. არ არის გამორიცხული მან ამ მხრივ ინტერესები გამოავლინოს კავკასიის რეგიონშიც. თუმცა, მერკელი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ დასმულა და საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ დაარწმუნოს გერმანია, რომ საქართველოში სტაბილურობა გერმანიის ინტერესებზე დადებითად აისახება,“ – აღნიშნავს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

 

 

პოლიტოლოგი „ფორტუნასთან“ საქართველოში გერმანიის ინტერესების სფეროებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს სატრანზიტო, ენერგეტიკული და საინვესტიციო პოტენციალით არის დაინტერესებული.

„ვიცით, რომ დღის წესრიგშია რამდენიმე სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტის განხორციელების საკითხი. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელებით სარკინიგზო გადაზიდვები უფრო აქტიური გახდება ევროპიდან აზიისკენ და პირიქით საქართველოს ტერიტორიის გავლით.
გარდა ამისა, გერმანია დაინტერესებულია ინვესტიციების დაბანდებით საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. რამდენიმე გერმანული კომპანია უკვე აქტიურად საქმიანობს საქართველოში. ასევე, გერმანია დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით,“ – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

იმ აზრს, რომ გერმანიას კავკასიის რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში საკუთარი ეროვნული ინტერესები გააჩნია, იზიარებს თორნიკე შარაშენიძეც.

„საქართველოში მუშაობს 5 გერმანული ფონდი, რომელიც თბილისიდან კავკასიას ფარავს და ეს მეტყველებს იმაზე, რომ გერმანიას ინტერესი აქვს. ამიტომ სხვანაირად მუშაობაა საჭირო. გერმანიას, როგორც დიდ ევროპულ სახელმწიფოს, თავის ეროვნული ინტერესები აქვს, რომელიც ხშირად არ ემთხვევა აშშ-ს ინტერესებს. ამის გაცნობიერება უნდა მოხდეს. ჩვენთან ჰგონიათ, რომ გერმანია დაუჯერებს ამერიკას და ამ არცოდნის გამო ორმხრივი ურთიერთობები ჩვენსა და გერმანიას შორის დღემდე არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს,“ – აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

 

რუსეთთან გერმანიის ენერგეტიკული ურთიერთობები როგორც შემაფერხებელი ფაქტორი 

ბერლინისა და მოსკოვის გზები ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამ მხრივ აღსანიშნავია ახალი პროექტი „ჩრდილოეთ დინება 2“, რომლის მოცულობა 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს პროექტი გერმანიას რუსეთის მძევლად აქცევს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი პროექტი და ზოგადად, გერმანია-რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს. თუმცა, როგორც ნიკა ჩიტაძე ამბობს გერმანიის საგარეო პოლიტიკა მრავალვექტორულია და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მიუხედავად, გერმანია კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩართულია.

„მას რომ ინტერესები არ გააჩნდეს, სამხრეთკავკასიური ტურნე არ შედგებოდა. მიუხედავად რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობისა, გერმანიას კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩართვის გარკვეული გამოცდილება გააჩნია. ჩვენ ვიცით, რომ ომამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ეწვია აფხაზეთს და სურდა თავისი წვლილი შეეტანა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. აქტიურად არის ჩართული ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების საკითხში და ა.შ.“ – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

 

ევროპასთან ინტეგრაცია და გერმანიის როლი

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს ამ გზაზე ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი აქვს – ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია. თუმცა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით უფრო შორს წასვლა რთულდება, რადგან ევროკავშირმა ამ ეტაპზე გადაწყვიტა აღარ გაფართოვდეს.

„საქართველოში უნდა გავითარდეს დემოკრატია, ეს თუ მოხდება საქართველო ავტომატურად გახდება ევროპული სახელმწიფო. ევროკავშირის კარის მტვრევას, როცა ყველაფერი მოგვცეს, რაც შეიძლება მოეცათ, ახლა პრინციპში აზრი არ აქვს. მთავარი ახლა ქვეყნის დემოკრატიზაციაა, მაგრამ მთავრობა არ ჩქარობს სასამართლოს რეფორმას, საარჩევნო კოდექსის შეცვლას და ა.შ. ჯერ აქ უნდა მიხედონ საქმეს და მერე ევროპაში კარის მტვრევამ შეიძლება შედეგი მოგვცეს კიდეც“, – აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

რაც შეეხება NATO-ს წევრობას, ძალაშია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. როდის შეძლებს ამას ქვეყანა, პასუხი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი გავიდა. თუმცა, ნატო კვლავაც ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას და ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ნატოს ოჯახს ახლახან მონტენეგრო შეემატა და გაწევრიანების შესახებ დიალოგს მალე მაკედონიაც დაიწყებს.

 

 

საქართველოს კი ამ ეტაპზე ყოველწლიური ეროვნული პროგრამები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი აქვს, რომელიც ბრიუსელის ბოლო სამიტამდე ცნობილი იყო როგორც გაწვევრიანების ინსტრუმენტები. თუმცა, 10 ივლისს ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი MAP-ის მეშვეობით გახდება და ამის შესახებ სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი სწორედ გერმანიაა, თუმცა, მეორე მხრივ, გერმანია ერთადერთი წონიანი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესის სფეროდ განიხილავს. მიუხედავად ამისა, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ გერმანიასთან ურთიერთობების კუთხით საქართველოს ჩავარდნა აქვს.

„გერმანიასთან ურთიერთობების გარღვევა უნდა მოხდეს. ამისთვის საჭიროა სულ მცირე ძალიან პროფესიონალი კადრები საელჩოში. ამ მხრივ სერიოზული პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ 13 წელია გერმანიაში პროფესიონალი დიპლომატი არ გვყოლია. ეს სულ მცირე გერმანელებს აფიქრებინებს, რომ ჩვენ მათ ვუყურებთ არასერიოზულად. ეს ის მინიმუმია, საიდანაც უნდა დაიწყოს გამოსწორება“, – აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე.

 

ანგელა მერკელი საქართველოში 23 აგვისტოს ჩამოვა. გერმანიის კანცლერის ვიზიტი ორდღიანია და 23 და 24 აგვისტოს გასტანს.

 

ვის შეხვდება ანგელა მერკელი

 

 

თაკო ივანიაძე